განცხადებები

2019 წლის შუალედურ არჩევნებს ISFED-ის 250-მდე დამკვირვებელი დააკვირდება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებს 250-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით დააკვირდება. ISFED-ის დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე იქნებიან წარმოდგენილი ზუგდიდის, მარნეულისა და მთაწმინდის ოლქებში, სადაც არჩევნებს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდებიან, რაც დარღვევების მყისიერად აღმოჩენის, არჩევნების დღის პროცესის სისტემურად შეფასებისა და  ოფიციალური შედეგების სიზუსტის გადამოწმების შესაძლებლობას იძლევა. 19 მაისის შუალედურ არჩევნებზე სადამკვირვებლო მიისია ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. „სამართლიანი არჩევნები“ დაკვირვების შედეგებს საზოგადოებას განცხადებების მეშვეობით გააცნობს.

საარჩევნო პერიოდის ბოლო დღეებში მომატებული დაძაბულობისა და მზარდი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე, არჩევნების დღის მშვიდად წარსამართად, უმნიშვნელოვანესია საარჩევნო ადმინისტრაციის გამართული მუშაობა. აუცილებელია, რომ არ მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციების შესრულებისთვის ხელშეშლა. 

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს: 

  • პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს - თავი შსაარჩევნო გარემოს ესკალირებისგან და არ მოახდინონ პოლიტიკური დაძაბულობის იმგვარ რეჟიმში გადაყვანა, რამაც შეიძლება დააზიანოს საარჩევნო პროცესი; არ შეუშალონ ხელი საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულებაში;
  • საარჩევნო ადმინისტრაციას - კანონმდებლობის სრული დაცვით განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება.
  • სამართლადამცავ ორგანოებს - უზრუნველყონ არჩევნების დღის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გარეთიანებული სამეფოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ან ბრიტანეთის მთავრობის შეხედულებებს.