პრესრელიზები

28 აპრილის შუალედური არჩევნების მიმდინარეობა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 28 აპრილის პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ხონისა და ვანის #54-ე მაჟორიტარულ საარჩევნოოლქში აკვირდება. „სამართლიანიარჩევნების“ სადამკვირვებლომისიაშედგება 25 საუბნო, 2 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა. რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა.

#54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 34 საარჩევნო უბნიდან, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, 18 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა თითოეულ უბანზე აღემატება საარჩევნო კოდექსით დადგენილ 3%-იან ზღვარს, ხოლო დანარჩენ 16 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა 3%-ია ან თითქმის 3%-ს უტოლდება.

ამ 34 უბნის მიხედვით, ჯამში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია 1044 ამომრჩეველი. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა შესაძლოა ქმნიდეს საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს.

ამ დროისთვის 2 საჩივარი წარდგენილი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 2 შენიშვნა.

გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა მაღალი რაოდენობა

  • #54-53 (ვანის) ოლქის #5 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია ამ უბნის ამომრჩეველთა 6%.
  • #54-53 (ვანის) ოლქის #14, #20, #24 და #31 საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია ამომრჩეველთა 5%.
  • #54-53 (ვანის) #3, #4, #11, #29  საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია ამომრჩეველთა 4%.
  • #54-53 (ვანის) #1, #8, #9, #16 და #54-55 (ხონის) ოლქის #12, #19 საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი მცირედით აღემატება თითოეულ ამ უბანზე ამომრჩევლების 3%-ს.

საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, სადაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფი ამომრჩეველი აღემატება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს, აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის დამატებით შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.

საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა ქმნის საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს, ვინაიდან გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემა ნაკლებად არის დაცული და დაზღვეული გაყალბების საფრთხისგან. გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პირობებში ამომრჩეველს არ უკეთდება მარკირება, არ არის გარანტირებული ხმის მიცემის ფარულობის დაცვა და ხმის მიცემის პროცესს კომისიის მხოლოდ ორი წევრი უზრუნველყოფს.

დარღვევები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა 14 საათის მდომარეობით, დააფიქსირეს 2 დარღვევა.

  • #54-53 (ვანის) ოლქის #13 საარჩევნო უბანსა და #54-55 (ხონის) ოლქის #11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე.

„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს