პრესრელიზები

ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე იქნება

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. მიხეილ ბენიძისთვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული აღმასრულებელი დირექტორის ვადის ამოწურვის შემდეგ, ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ელენე ნიჟარაძე აირჩია.  

ელენე ნიჟარაძეს „სამართლიან არჩევნებში“ მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო 2017 წლიდან დღემდე აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო და საკანონმდებლო რეფორმებისა და პოლიტიკის კვლევის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ნიჟარაძე კოორდინირებას უწევდა საარჩევნო რეფორმების, საარჩევნო სიების მონიტორინგისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით ISFED-ის პროექტებს და ორგანიზაციის სახელით ჩართული იყო საარჩევნო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკონსტიტუციო რეფორმებში. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიებში ნიჟარაძე სპეციალიზებული იყო არჩევნების დღეს ინციდენტების ცენტრის ფუნქციონირებაზე, საარჩევნო დავების პროცესის მართვასა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგზე. 

ელენე ნიჟარაძე კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი), და, ასევე, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს ეუთოს და ენემოს საერთაშორისო სადამკვირვებლო  მისიებში მონაწილეობის გამოცდილება. 

ელენე ნიჟარაძემ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მიხეილ ბენიძე ჩაანაცვლა, რომელიც „სამართლიან არჩევნებს“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმალური ვადა 4 წელია. მიხეილ ბენიძე „სამართლიან არჩევნებში“ კონსულტანტის პოზიციაზე რჩება და ორგანიზაციას, ძირითადად, სოციალური მედიის მონიტორინგის მიმართულებით დაეხმარება.