პრესრელიზები

დისკუსია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შესახებ

6 დეკემბერს, ევროკავშირის დაფინანსებით „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამართულ დისკუსიაზე შშმ პირთათვის ინკლუზიური წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. 

შეხვედრის ძირითადი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საჭიროებების მხრივ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებსა და პროგრამებზე დისკუსია იყო. ხედავენ თუ არა პოლიტიკური პარტიები შშმ პირებს, როგორც ამომრჩეველთა ჯგუფს; რა ნაბიჯებს დგამენ იმისათვის, რომ კამპანიის მესიჯები შშმ ამომრჩევლებამდე მიიტანონ; პასუხობს თუ არა პარტიების პროგრამები შშმ ამომრჩევლების მოთხოვნებსა და საჭიროებებს - ამ კითხვებზე საპასუხოდ შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, შშმ უფლებების აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრები.  

„შშმ ამომრჩევლების დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს, რადგან არ ხდება საარჩევნო პროგრამების ადაპტირებული ფორმით მიწოდება სხვადასხვა საჭიროებების მქონე ამომრჩევლებისთვის. ამ მხრივ ბევრი გამოწვევა არსებობს, მაგრამ თუ გვსურს ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მიღწევა, საჭიროა ამ თემებზე მსჯელობის დაწყება და პოზიტიური გამოცდილებების გაზიარება. ეს ასევე გვეხება ჩვენ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რადგან ჩვენც უნდა გავწიოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ჩვენი მონიტორინგის შედეგები და საარჩევნო ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველა ამომრჩევლისთვის“ - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ. 

დისკუსიის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შშმ პირთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრის კუთხით გაწეულ სამუშაოზე და იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზე. საარჩევნო პროცესში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დისკუსია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გამართა. ორგანიზაციის კვლევა: „საარჩევნო ხმის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის” ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.isfed.ge/main/1176/geo/.