EN
GE
ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით
ISFED's Blog
არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პარტიებისა და პარტიასთან ასოცირებული პირების ფინანსური გამჭვირვალობისა და ხარჯების კანონიერების მონიტორინგის საკითხი. აღნიშნულის რეგულირება უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანასწორი საარჩევნო გარემო, კონკურენცია და სტაბილური პოლიტიკური სისტემის არსებობა სახელმწიფოში.



დღეისათვის, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გამოიკვეთა ახალი პოლიტიკური მოთამაშე - ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც პოლიტიკურ აქტივობებსა და ქველმოქმედებას   ორი სხვადასხვა ფონდის მეშვეობით ახორციელებს.  

ასევე, საინტერესოა პაატა ბურჭულაძის საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა -  აპირებს თუ არა ის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას. მართალია, ლეონიდ ჩერნოვეცკისგან განსხვავებით, პაატა ბურჭულაძეს არ განუცხადებია არჩევნებში მონაწილეობის მიზნის შესახებ, თუმცა „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი“ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტიურად არის ჩართული. 

პოლიტიკური და საქველმოქმედო საქმიანობა ერთდროულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია. კერძოდ, თუ პირს არჩევნებში მონაწილეობის მიზანი აქვს, მან ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს და დაექვემდებაროს პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს, ამასთან, უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის საქველმოქმედო საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქველმოქმედება ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად.

დღეისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს ლეონიდ ჩერნოვეცკის მხოლოდ ერთი ფონდი - „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ დაუქვემდებარა, ხოლო მისივე საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მონიტორინგის მიღმაა დარჩენილი. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მონიტორინიგს არ ექვემდებარება არც „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ და არც მისი საქველმოქმედო საქმიანობა, ვინაიდან მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაცხადებული არ აქვს. 


საარჩევნო მიზნების მქონე პირთა დადგენის პროცედურები

პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გარდა, არსებობენ პირები (როგორც ფიზიკური ისევე იურიდიული), რომლებიც შესაძლოა არ არიან დარეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა მათი საქმიანობა შეიცავს პოლიტიკური სუბიექტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ეს პირები, პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, აუდიტის სამსახურის ფინანსურ მონიტორინგს ექვემდებარებიან. 

იმისათვის, რომ პირი დაექვემდებაროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ მონიტორინგს, საჭიროა არსებობდეს ორი გარემოება:
 გაცხადებული პოლიტიკური/საარჩევნო მიზანი;
 ფინანსური და მატერიალური რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნის მისაღწევად. 

პირის გაცხადებული საარჩევნო მიზანი უნდა გამოიკვეთოს საჯარო განცხადებაში და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ, რა დროსაც უნდა გამოიკვეთოს კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი1. განცხადება უნდა იყოს საჯარო, რაც გულისხმობს მისი მედიით, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით ან საჯაროდ გამართული ღონისძიებების გზით გავრცელებას. 

შემდეგი გარემოება, რომელიც უნდა გამოიკვეთოს, არის პირის მიერ საარჩევნო მიზნების მისაღწევად ფინანსური და მატერიალური სახსრების გამოყენება.  ესეიგი, გარემოება, როდესაც პირი თავისი საარჩევნო მიზნების მისაღწევად იყენებს შესაბამის სახსრებს ამომრჩევლების აზრის ფორმირების მიზნით. 

თუ გამოვლინდა პირის პარტიათა ფინანსური მონიტორინგის სუბიექტად დაქვემდებარების ზემოთაღნიშნული საფუძვლები, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება2.  თუ აღნიშნული წარმოების შედეგად დადასტურდება, რომ პირს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი და იგი ამისთვის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს იყენებს, აუდიტის სამსახური გამოსცემს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და პირის ცნობს ფინანსური მონიტორინგის სუბიექტად4.  

პირის მონიტორინგის სუბიექტად დაქვემდებარების შემთხვევაში, მასზე ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პარტიებისთვის დადგენილი ხარჯების კანონიერების და გამჭვირვალობის ვალდებულება. 


პოლიტიკური მიზნების მქონე პირთა საქველმოქმედო საქმიანობა ამომრჩევლის მოსყიდვაა

 ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო საქმიანობა
 
2016 წლის 10 თებერვალს აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირია4  და იგი დაუქვემდებარა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს.     ლეონიდ ჩერნოვეცკისთან ასევე ასოცირდება საქველმოქმედო ფონდი - „სოციალური პარტნიორობა“, რომელიც აუდიტის სამსახურმა პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს არ დაუქვემდებარა.




ფონდ „სოციალურ პარტნიორობასა“ და ლეონიდ ჩერნოვეცკის შორის კავშირი შემდეგი  გარემოებებით დასტურდება:
 ლეონიდ ჩერნოვეცკი საჯაროდ მიუთითებს ფონდის მიერ განხორციელებულ აქტივობებს და არ მალავს რომ არსებობს კავშირი მასსა და ფონდს შორის;
 საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ფონდი „ბედნიერი საქართველოსთვის“ მოქმედი დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი, 10 თებერვლამდე,  იყო „სოციალური პარტნიორობა“-ს  დირექტორიც.  გიორგი ქვრივიშვილის, როგორც ფონდ „სოციალური პარტნიორობა“-ს დირექტორის ცვლილება დაემთხვა გარემოებას, როცა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ფონდი „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად გამოაცხადა.

როგორც ზემოთ აღინიშნა,  ლეონიდ ჩერნოვეცკის ერთი ფონდი „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ ექვემდებარება ფინანსურ მონიტორინგს, ხოლო მეორე ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მონიტორინგის მიღმა რჩება.  

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ლეონიდ ჩერნოვეცკი კვლავ გააგრძელებს ფონდის საქმიანობასთან ასოცირებას, „სოციალური პარტნიორობის“ მიერ განხორციელებული საქმიანობა შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 252 მუხლის დარღვევა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას  გულისხმობს.  

სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვა წარმოადგენს დანაშაულს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

 პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო საქმიანობა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საინტერესოა, განვიხილოთ „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ საქმიანობა. ფონდის ხელმძღვანელი და დანარჩენი წევრები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და აქტიურად ხსნიან ფონდის ფილიალებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პაატა ბურჭულაძემ მომავალი არჩევნების პერიოდისთვის საოპერო წარმოდგენებთან დაკავშირებული კონტრაქტები გააუქმა.  მიუხედავად იმისა, რომ პაატა ბურჭულაძის და მისი ფონდის საქმიანობა პოლიტიკურ ელფერს იძენს და საზოგადოებას აქვს კითხვები ფონდის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძეს და მის ფონდს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებიათ. შესაბამისად, აუდიტის სამსახურს არ გააჩნია ფორმალური საფუძველი დაიწყოს წარმოება აღნიშნული ფონდის საქმიანობის შესწავლის მიზნით. 

იქიდან გამომდინარე, რომ პაატა ბურჭულაძეს ოფიციალურად გაცხადებული საარჩევნო მიზანი არ აქვს, საკანონმდებლო რეგულირების მიღმა რჩება ფონდის „პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდი იავნანა“ საქველმოქმედო საქმიანობაც. ამდენად, თუ „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და იგი ამის შესახებ მხოლოდ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადებს, მისი ორივე ფონდის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირების მიღმა დარჩება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს ამომრჩევლის მოსყიდვის თვალსაზრისით. 


დასკვნა

2016 წლის 10 თებერვალს, აუდიტის სამსახურმა მიმართა ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დარეგისტრირდნენ აუდიტის სამსახურში, თუ ისინი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.  აუდიტის სამსახურის მოწოდება  მნიშვნელოვანი გზავნილია ყველა სუბიექტისთვის, რომლებიც ამჟამად პოლიტიკური პარტიის ფორმით არ არსებობს, მაგრამ მისი აქტივობა და ფინანსური რესურსების ხარჯვა გათვლილია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგებაზე. 

აუდიტის სამსახურის მოთხოვნის შესრულება მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნეს აცილებული პოლიტიკური კორუფციის საფრთხე და პოლიტიკური ინსტიტუტების დესტაბილიზაცია; ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის არსებობდეს თანასწორი და კონკურენტული სივრცე, რაც უზრუნველყოს არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი გარემოს.


რა უნდა გაკეთდეს:

 ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდებთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს ხომ არ არსებობს მის საქველმოქმედო საქმიანობაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები და, დადასტურების შემთხვევაში, გადაუგზავნოს პროკურატურას რეაგირებისათვის.

 ყველა იმ პირმა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, დროულად უნდა მიმართოს აუდიტის სამსახურს, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი ფინანსების გამჭვირვალობა და ხარჯვის კანონიერება. 




1. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. მუხლი 71  
2.   “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მუხლი 341 ნაწილი 2, „მ“ქვეპუნქტი;
3.   “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მუხლი 341 ნაწილი 2, „მ“ქვეპუნქტი;
4.   ფონდზე ვრცელდება შემოსავლებისა და ფინანსური ანგარიშების საჯაროობის ვალდებულება და ამასთან, ფონდს და მის წარმომადგენლებს ეკრძალებათ ნებისმიერი მატერიალური და არამატერიალური სახსრების გადაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის. (გარდა პარტიის აქსესუარებისა). წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი აქტივობა ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად. 

<< უკან
21.03.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted