EN
GE
მიმართვა საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას
საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის გამოცხადების თაობაზე განკარგულების გამოცემამ და შემდგომ  აქტის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის კონტრასიგნაციის მიზნით გაგზავნამ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით გაუგებრობები წარმოშვა. 

საქართველოს პრეზიდენტის მცდელობას, არჩევნებამდე 6 თვით ადრე საზოგადოებისთვის არჩევნების გამართვის თარიღი ეცნობებინა, კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - აქტის ხელმოწერა და საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის კონტრასიგნაციის მიზნით გადაგზავნა მოჰყვა.   საარჩევნო კოდექსის თანახმად, კონტრასიგნაციის შემდგომ აქტი ქვეყნდება და ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის სამართლებრივი რეჟიმი იწყებს მოქმედებას.

უპირველეს ყოვლისა, მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, საარჩევნო პროცესში ჩართული და დაინტერესებული მხარეებისთვის არჩევნებამდე 6 თვით ადრე იყოს ცნობილი არჩევნების თარიღი. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას არჩევნებამდე 6 თვით ადრე გარკვეული უარყოფითი შედეგები ახლავს თან. წინასაარჩევნო კამპანია არის განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც აისახება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე, საჯარო სამსახურების საქმიანობაზე, სოციალური პროექტების ინიცირება/განხორციელებაზე, მედია რეგულაციების გამკაცრებაზე და ა.შ. 

წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადება, ასევე, უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმს. ამ პერიოდში ყველა საოლქო საარჩევნო კომისია სრულად უნდა დაკომპლექტდეს (73 საოლქო საარჩევნო კომისიების შემდგენლობა 5-დან 13 წევრამდე უნდა შეივსოს) საარჩევნო პერიოდში გაორმაგებულ თანამდებობრივ სარგოს იღებენ ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, ცესკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა პირები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის საბიუჯეტო ხარჯებს ამ მიმართულებით.

წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად სპეციალურ მომზადებას, ასევე, საჭიროებენ ადგილობრივი თვითმმართველობები, მედია და პოლიტიკური პარტიები. 

გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის განკარგულებიდან იკვეთება პრეზიდენტის  სურვილი, რომ კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე 2 თვით ადრე დაიწყოს,  მიგვაჩნია, რომ  სწორი სამართლებრივი გამოსავალი იქნება, თუკი მთავრობა ზემოაღნიშნული მოტივებით არ მოახდენს პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაციას, ხოლო პრეზიდენტი არჩევნების თარიღის გამოცხადების მიზნით შესაბამის განკარგულებას ივლისის თვეში გამოსცემს.


<< უკან
08.04.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted