EN
GE
საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი კონსულტაციების გზით უნდა განისაზღვროს

საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანის დაწყების დროდ კვლავ სხვადასხვა თარიღი იქნა დასახელებული.

პრეზიდენტის მიერ არჩევნების დანიშვნის თაობაზე განკარგულების გამოქვეყნების დაანონსებული თარიღი  რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად პრეზიდენტმა განცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნა და შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერს გადაეგზავნებოდა. ამიტომ, გაჩნდა მოლოდინი, რომ წინასაარჩევნო კამპანია აპრილში დაიწყებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულებაში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 აგვისტო მიუთითა. 

პრემიერმა კონტრასიგნაციის ნაცვლად, პრეზიდენტს განკარგულება შენიშვნებით უკან დაუბრუნა და არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება 8 ივლისს შესთავაზა. საპასუხოდ, იმავე დღესვე, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების დანიშვნის ახალ თარიღად მაისის დასაწყისი დაასახელა. 

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება და დაკავშირებულია არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოქვეყნებასთან. შესაბამისად, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობა იწვევს პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიის და ამომრჩევლის დაბნეულობას. 

მისასალმებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლების სურვილია საარჩევნო კამპანია დაიწყოს უფრო ადრე, ვიდრე კამპანიის გამოცხადებისთვის კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადებია. თუმცა, მიზანშეწონილია, აღნიშნული თაობაზე გადაწყვეტილება საარჩევნო ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით მოხდეს. კამპანიის დაწყების თარიღის გამოცხადებისთვის გასათვალისწინებელია მრავალი გარემოება, მათ შორის, როგორც ტექნიკური მზაობა საარჩევნო ამდინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობების და სხვა ჩართული მხარეებისა შესაბამისი ვალდებულებების დაუბრკოლებლად და თავისუფლად განსახორციელებლად, ასევე,  ქვეყნისთვის ხანგრძლივი პოლიტიკური კამპანიის ეფექტი მწვავე რიტორიკისა და მაღალი პოლიტიკური ტემპერატურის ფონზე. 

შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტსა და პერმიერ მინისტრს, საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის ძირითად მხარეებთან კონსულტაციის შედეგად მიიღონ. 



<< უკან
15.04.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted