EN
GE
ცესკოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება პოლიტიკური კორუფციის წახალისების საფრთხეს აჩენს
2016 წლის 26 ივლისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ განცხადება ააიპ „ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალი“-ს მიერ აგიტაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით და შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 2 ივლისს განცხადებით მიმართა ცესკოს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარა. იმის გარდა, რომ აქციას პარტიის წარმომადგენელი - რიმა ბერაძე თავად ესწრებოდა, საგულისხმოა, რომ თავად ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“-ის ლოგო პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლოგოს ოფიციალური ფერებისა და ვიზუალის მსგავსია, ასევე, ორგანიზაციის მიერ გამოყენებული შემოკლებული სახელწოდება პარტიის სიმბოლიკის აღმნიშვნელია, შესაბამისად, ცალსახაა, რომ ორგანიზაცია აგიტაციას გასწევდა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული  საქართველოს“ სასარგებლოდ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-2 მუხლის ჰ1  ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს „ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა.“

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, რასაც ადასტურებს არაერთი მედია სიუჟეტი, რომლის მოძიებაც ორგანიზაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეც არის შესაძლებელი. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალი“ მართალია დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, თუმცა ეს ავტომატურად არ გულისხმობს ამ ორგანიზაციისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის არსებობას და მასზე საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი აკრძალვა ვერ გავრცელდება.  

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების თანახმად, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ხსენებულ საქველმოქმედო ორგანიზაციად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი. გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრში ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ რეგისტრირებული არ არის, მას არ აქვს მინიჭებული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, შესაბამისად, იგი არ არის საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აკრძალვის სუბიექტი.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ამგვარი განმარტება წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის არაგონივრულად ვიწრო განმარტებას, რაც შემდგომში წაახალისებს პარტიების მიერ ააიპ-ების საშუალებით ქველმოქმედების გაწევას და მათი მიერ პარტიის სასარგებლოდ პირდაპირ თუ ირიბ აგიტაციას, რაც პოლიტიკური კორუფციის საშიშ ფორმას წარმოადგენს. 

„სამართლიანი არჩევნების“ მოსაზრებით, საარჩევნო მიზნებისთვის ორგანიზაციის საგადასახადო ორგანოში საქველმოქმედო ორგანიზაციად რეგისტრაცია არ არის გადამწყვეტი. საგადასახადო ორგანოებში საქველმოქმედო ორგანიზაციად რეგისტრაცია გამოიყენება საგადასახადო მიზნებისთვის და რეგისტრაციის მიზანი გადასახადებისგან გათავისუფლების ინტერესია. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოში საქველმოქმედო ორგანიზაციად რეგისტრაცია არის უფლება და არა ვალდებულება ქველმოქმედების განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის. შესაბამისად, კანონის ამგვარი განმარტებით ჩნდება საშიშროება, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისაგან გვერდის ავლის მიზნით, ასეთი ტიპის ორგანიზაციები არასოდეს დარეგისტრირდებიან საგადასახადო ორგანოში, ვინაიდან მათი მიზანი არა საგადსახადო შეღავათების მიღება, არამედ კანონის გვერდის ავლით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაა. 
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის სულისკვეთებიდან გამომდინარე,  საარჩევნო კოდექსისთვის საქველმოქმედოდ უნდა ჩაითვალოს ის ორგანიზაცია, რომელის საქმიანობას არსებითად ქველმოქმედება წარმოადგენს და არამხოლოდ ის, რომელიც რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში.

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, რიმა ბერაძის ორგანიზებით, ააიპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“-ის მიერ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიმბოლიკისა და შემოკლებული სახელის გამოყენებით განხორციელებული საჯარო ღონისძიება, რაც გამოიხატება სკოლის პედაგოგებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაში, პარტიის სასარგებლოდ გაწეული აგიტაციას წარმოადგენს. ორგანიზაცია „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ საქველმოქმედო შინაარსის ღონისძიებებს პარტიის მსგავსი სიმბოლიკითა და სახელით, პარტიის წარმომადგენლების თანდასწრებით ახორციელებს, რაც საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევაა. 


<< უკან
29.07.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted