EN
GE
სააპელაციომ სასამართლომ დააკმაყოფილა მოქალაქის სარჩელი, რომელსაც ISFED იცავდა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” კიდევ ერთი წარმატება. 2016 წლის 19 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მ.ჭ. სააპელაციო საჩივარი, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი იცავდა. 

მ.ჭ. მონაწილეობდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის კოორდინაციის განყოფილების გამგებლის წარმომადგენლის პოზიციაზე ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ კონკურსში. მ.ჭ. მიიჩნია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაარღვია კონკურსის, კერძოდ კი გასაუბრების ეტაპის ჩატარების შესახებ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნები, დაუსაბუთებლად უთხრა უარი თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე და კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ საჩხერის რაიონული სასამართლოს წინაშე დაყენებული იყო კონკურსის შედეგების გაუქმების და მოპასუხისათვის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარების დავალების მოთხოვნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნები, კერძოდ,  ბათილად ცნო ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმი, რომლის მიხედვითაც კონკურსი გამოცხადდა ჩაშლილად და მ.ჭ.-ს უარი ეთქვა თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. ასევე, სასამართლომ დაავალა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ხელახლა ჩაატაროს კონკურსის ეტაპი - გასაუბრება. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”  იურიდიულ დახმარებას ახორციელებს ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული „საჯარო მოხელეთა ულებების დაცვა პოლიტიკურად ნეიტრალური და დისკრიმინაციისგან თავისუფალი საჯარო სამსახურისათვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. პროექტი  ითვალისწინებს საჯარო სამსახურში კონკურსებისა და ატესტაციის შედეგად, ასევე უკანონო გათავისუფლებისას დაზარალებულ პირთათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციას, დოკუმენტაციის მომზადებას და სასამართლოში წარმომადგენლობას.

უფასო იურიდიული დახმარების მისაღებად, მოგვმართეთ შემდეგ მისამართებზე:

თბილისი: ონიაშვილის #37, ტელ: 555 82 90 90;
ქუთაისი: წერეთლის #27, ტელ: 593 82 90 90;
ბათუმი: 26 მაისის #40, ტელ: 514 82 90 90;
გურჯაანი: ნონეშვილის #12, ტელ: 555 82 90 90.


<< უკან
02.08.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted