EN
GE
უბნის გახსნის და მოწყობის პროცესი
2016 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება. 

ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში „სამართლიანი არჩევნების“ 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს PVT მეთოდოლოგიით დააკვირდება. ამასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნების“ მისიაში 40 მობილური ჯგუფი და საოლქო საოლქო საარჩევნო კომისიების 43 დამკვირვებელია. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ოფისში მონაცემთა და ინციდენტების ცენტრები მუშაობს.



ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა. დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა.

დეტალური ინფორმაცია PVT შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გახსნის პროცესის შესახებ ინფორმაცია PVT-ის დამკვირვებლის 100% -სგან მიიღო. 

„სამართლიანი არჩევნების“ ყველა დამკვირვებელს (100%) მიეცა შესაძლებლობა დაკვირვებოდა უბნის გახსნის პროცედურებს. აღნიშნული მონაცემი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს.

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისთვის მზად არ იყო საარჩევნო უბნების მხოლოდ 0.3%, მაშინ როდესაც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურზე საარჩევნო უბნების 4.2% გაიხსნა დაგვიანებით.

საარჩევნო უბნების 0.3%-ზე დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საარჩევნო უბნების 99.5%-ზე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა.

უბნის გახსნისა და კენჭისყრის მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა

 ქუთაისის #2  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ #49.59.127 საარჩევნო უბანზე ტექნიკური მიზეზების გამო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი ნახევარი საათის დაგვიანებით დაუშვეს.
 #36 მაჟორიტარული ოლქის #18 საარჩეევნო უბანზე (მარნეული) საინფორმაციო სააგენტო ,,ოლ მედიას" წარმომადგენელს დაკვირვების უფლება შეეზღუდა, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე დამკვირვებელს საარჩევნო უბანზე ფოტო გადაღების უფლებას არ აძლევდნენ.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

 სადემონსტრაციო ოქმში შესაბამისი მონაცემები არ იყო შეტანილი #60 მაჟორიტარული ოლქის #38 (ლანჩხუთი) და #66 მაჟორიტარული ოლქის (ზუგდიდი) #51 საარჩევნო უბნებზე;
 #69 მაჟორიტარული ოლქის #24 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) საკონტროლო ფურცელი დაფიქსირებული არ არის ამომრჩევლის ხელმოწერა; 
 #24 მაჟორიტარული ოლქის #24 (გურჯაანი) და #69 მაჟორიტარული ოლქის #55 (ბათუმი) საარჩევნო უბნებზე  საკონტროლო ფურცელში არ იყო მითითებული შევსების დრო; 
 #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) საკონტოროლო ფურცელს აკლია პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა. 

წილისყრის პროცედურის დარღვევა

 #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) წილისყრის ჩატარების წესი დაირღვა, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორის ფუნქცია ერთ-ერთ კომისიის წევრს წილისყრის გარეშე მიანიჭა. 
 #23 მაჟორიტარული ოლქის #8 (საგარეჯო) და #49 მაჟორიტარული ოლქის #91 (ქუთაისი) საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრებმა უარი თქვეს გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობაზე.  


მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემა

 #51 მაჟორიტარული ოლქის #21 საარჩევნო უბანზე (ბაღდათი) ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე.


ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 10 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში -  6 საჩივარი.   


სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო SMS-ით ნომერზე 90039. არჩევნების პორტალზე ასევე შესაძლებელია ნებისმიერი დარღვევის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალის მოწოდება



„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 10 ოპერატორის, 10 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);
 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

„სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 15:00 საათზე.




სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. გარდა ამისა, არჩევნების მეორე ტურზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, და ევროკავშირის შეხედულებებს.

 



<< უკან
30.10.2016


Print
All rights reserved & Design is copyrighted