EN
GE
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ 2017 წლის 3 იანვარს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს დუისის კულტურის სახლს, სადაც კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) ცენტრია განთავსებული.

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ძალისხმევით, დუისის კულტურის სახლში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა ხორციელდება, რომლის მიზანი პანკისის ხეობის განვითარება და ახმეტის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის კონკრეტული განათლების მიწოდებაა. ორგანიზაცია, ასევე,  მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გასცემდა.  კულტურის სახლი ერთადერთი მსგავსი ტიპის დაწესებულებაა ხეობაში, რომელიც უკვე 15 წელიწადია რაც ფუნქციონირებს. ამ ხნის განმავლობაში მისმა მუშაობამ ხეობის მოსახლეობაში დიდი მოწონება დაიმსახურა. 

როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ს კორესპონდენტი იტყობინება, 3 იანვარს ბენზინი კულტურის სახლის შენობის მეორე სართულზე, რამდენიმე ადგილზე, მათ შორის სადარბაზოშია დაღვრილი. დამწვარია შესასვლელი კარი და იატაკის მცირე ნაწილი. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, ბოლო ორი თვის განმავლობაში, გახშირდა KRDF-ის მიმართ უარყოფითი ხასიათისა და მუქარის შემცველი განცხადებები, განსაკუთრებით, სოციალურ ქსელებში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს. მოვუწოდებთ, სამართალდამცავ ორგანოებს თემის შიგნით ყოველგვარი ეჭვისა და უნდობლობის თავიდან აცილების მიზნით, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის თანამშრომლების უსაფრთხოება. საქმის გაუხსნელობამ, შესაძლოა გამოიწვიოს პანკისის ხეობაში ეთნიკური თუ რელიგიური ხასიათის უთანხმოება.

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy

მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - World Experience for Georgia

<< უკან
12.01.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted