EN
GE
საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა არაა ორიენტირებული ჩაგრული ჯგუფების უფლებებზე
გოგონათა, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)  პირთა და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი  ორგანიზაციების მიმართვა 

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს
                                საქართველოს პარლამენტსა და  
        საქართველოს  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს

ჩვენ, ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, რომელიც არ არის ორიენტირებული ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, კომისიის სამუშაო ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ სქესთა შორის თანასწორობის რეალური იდეის კონსტიტუციური გარანტიების შემუშავებაზე მიმართული  რეკომენდაციების განხილვამ, რასაც კომისიის წევრების მხრიდან მოჰყვა არასერიოზული და დამცინავი დამოკიდებულება. 

მიგვაჩნია, რომ სათანადოდ არ ხდება ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების რეალიზება, რისი მიზეზიც უმეტესად არსებითი თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების არარსებობაა. ქალთა და უმცირესობათა წარმომადგენელი მოქალაქეების ღირსების შემლახველი მდგომარეობა ყველაზე ხილულად სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური უფლებების განხორციელების დროს გამოიხატება. ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გახდეს საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველი. საქართველოს კონსტიტუცია უნდა იყოს გენდერულად სამართლიანი, არსებითი თანასწორობის მიღწევის მთავარი საშუალება ქვეყანაში. რაც უზრუნველყოფს გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების თანასწორობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს:
- საკითხის სიღრმისეული ცოდნით და მგრნობელობით  განიხილონ გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ რეალური თანასწორობის მიღწევის მექანიზმები აღნიშნული ჯგუფების სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვისა და ზოგადად მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში შესაბამისი სტატუსით ჩართონ გოგონათა, ქალთა, შშმ პირთა და უმცირესობათა თემებზე მომუშავე  პროფილური საზოგადოებრივი ორგანიზაციები; 
- კონსულტაციები გამართონ გენდერული თანასწორობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან, რათა ქალთა,  გოგონათა, შშმ პირთა და უმცირესობათა საჭიროებები გათვალისწინებული იყოს საქართველოს უზენაეს კანონში. 

- საქართველოს პარლამენტს:

- მეტი გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს გოგონათა, ქალთა, შშმ  პირთა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და უზრუნველყოს ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი და დროული შესრულება.
- საქართველოს პარლამენტთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს: 
- უზრუნველყოს საკონსტიტუციო კომისიის გენდერული და ინკლუზიური თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული მუშაობა;  
- განახორციელოს კონსტიტუციის არსებული პროექტის დეტალური ანალიზი და შეიმუშაოს მოსაზრებები რეალური თანასწორობის უზრუნველყოფისათვის; 
- მოახდინოს საკონსტიტუციო კომისიის წევრთა ინფორმირება რეალური თანასწორობის მიღწევის პრინციპების, ვალდებულებების, მექანიზმების და საშუალებების შესახებ.

ადამიანის უფლებებზე, მათ შორის გოგონათა, ქალთა, შშმ პირების და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, გავმართოთ შეხვედრები და კონსულტაციები, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო კომისიასთან, ისე საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელთან.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
3. თანასწორობის მოძრაობა;
4. გენდერული თანასწორობის ქსელი;
5. ქალთა ფონდი საქართველოში;
6. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის; 
7. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის;
8. ბრიჯ-ინოვაცია  და განვითარება;
9. გენდერული სამართლიანობა;
10. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის ცედნტრი;
11. სამოქალაქო ინიციატივები დემოკრატიისა და გენდერული თანასწორობისთვის;
12. საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი;
13. მზის შვილები - დაუნის სინდრომი;
14. განათლებისა და შრომის ასოციაცია;
15. ასოციაცია ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის;
16. თელავის გენდერის მედიაცენტრი;
17. რუსთავის გენდერი მედიცენტრი;
18. გორის გენდერის მედიაცენტრი;
19. ქუთაისის გენდერის მედიაცენტრი;
20. ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრი;
21. ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი;
22. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
23. ბათუმის გენდერის მედიაცენტრი;
24. ახალციხის გენდერის მედიაცენტრი;
25. ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველო (WECF/Georgia);
26. ქალთა საინფორმაციო ცენტრი;
27. საფარი;
28. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი;


<< უკან
14.03.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted