EN
GE
ემანუელ მაკრონი - კიდევ ერთი შანსი ევროპისთვის?
ISFED-ის ბლოგი


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის წინასაარჩევნო გარემოს მთელი მსოფლიო აქტიურად აკვირდებოდა. მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე მდგომი ევროკავშირისა და მსოფლიოში მომძლავრებული პოპულიზმის ფონზე, საფრანგეთის, როგორც გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრისა და მისი დამფუძნებელი სახელმწიფოს მომავალი ლიდერით საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული დაინტერესება გასაკვირი არ არის.

ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა იმ ფაქტმაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილი, უპირობო ლიდერი არ იყო. მართალია, მარინ ლე პენი და ემანუელ მაკრონი სხვა კანდიდატებთან შედარებით, ფავორიტებად მოიაზრებოდნენ, თუმცა, საზოგადოებრივი გამოკითხვების მუდმივად ცვალებადი შედეგები საყოველთაო გაურკვევლობის განცდას ტოვებდა. ასევე, მოწინავე კანდიდატები არ მიეკუთვნებოდნენ ე.წ. „მეინსტრიმ“ პოლიტიკურ პარტიებს (რესპუბლიკელები და სოციალისტები). ამასთანავე, საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, მაკრონის გამარჯვებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ალბათ ერთეულები თუ წარმოიდგენდნენ. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა თვალნათლივ დაანახა მსოფლიოს და პირველ რიგში ევროკავშირს, თუ რამდენად რეალურია პოპულიზმის საფრთხეები, რომლებიც პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირს და მის უმთავრეს ღირებულებებს უპირისპირდება. 

ემანუელ მაკრონის გამარჯვებით ფრანგულმა საზოგადოებამ კიდევ ერთი შანსი მისცა პრო-ევროპულ ლიბერალიზმს. მაკრონის გამარჯვება სასიხარულოა ევროკავშირისთვისაც. ბრექსითის შემდეგ, მარინ ლე პენის გამარჯვება, საფრანგეთის ევროკავშირის წევრობასა და საერთოდ, გაერთიანების მომავალს დიდი კითხვის ქვეშ დააყენებდა. თუმცა, პრო-ევროპული მაკრონის საფრანგეთის სათავეში მოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში არსებული პრობლემები თავისით მოგვარდება, ან ევროსკეპტიციზმი მნიშვნელოვნად შემცირდება. დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმმა და საფრანგეთის არჩევნებმა ნათელი გახადა რომ პოპულისტი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერების რაოდენობა დიდია. ევროკავშირის რეფორმირების საჭიროებას ევროპაში უკვე ყველა უსვამს ხაზს, მათ შორის ახლად არჩეული პრეზიდენტიც, თუმცა, სხვა საკითხია კონკრეტულად რა იგულისხმება ამ რეფორმაში. 

ემანუელ მაკრონის ევროპული გეგმა სწორედ გაერთიანების რეფორმაზე აკეთებს აქცენტს. მაკრონი განსაკუთრებული ყურადღების დათმობას ფრანკო-გერმანული პარტნიორობის გაძლიერებისთვის აპირებს. ორი ქვეყნის პარტნიორობას, რომელიც 60 წლის წინ გაერთიანების შექმნის საფუძველი გახდა, ახლაც აქვს პოტენციალი იყოს საფუძველი საერთო ევროპული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისთვის. მართლაც, გერმანიის აქტიური მხარდაჭერის გარეშე საფრანგეთს გაუჭირდება ევროკავშირში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. რამდენად შედგება ფრანკო-გერმანული ალიანსი, რომელიც ევროკავშირის რეფორმირებას ჩაუდგება სათავეში, ნაწილობრივ, გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შედეგზეცაა დამოკიდებული. 

მაკრონის ევროპულ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროზონის გაძლიერებას. სხვადასხვა ინიციატივებიდან აღსანიშნავია საერთო ევროპული ფისკალური პოლიტიკა, ევროზონის ბიუჯეტისა და  ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის პოსტის შექმნა და ა.შ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაკრონის საგარეო პოლიტიკური ხედვა ძირითადად „ღიაობის“ პრინციპზეა დაფუძნებული, თუმცა, ამავე დროს, საფრანგეთის კიდევ უფრო დამოუკიდებელ და ძლიერ გლობალურ აქტორად ჩამოყალიბება მისი პოლიტიკის ცენტრალური ასპექტია. ამის მიღწევას კი მაკრონი არა იზოლაციონისტური პოლიტიკით, არამედ, სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით აპირებს. ევროკავშირის წევრობა კი მისთვის საფრანგეთის გლობალური როლის გაძლიერებისთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რასაც მაკრონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, როდესაც გამარჯვების შემდეგ მისი პირველი სახალხო მიმართვისთვის ევროკავშირის ჰიმნის ფონზე გამოვიდა. 

საფრანგეთში საარჩევნო ციებ-ცხელება ამით არ სრულდება. ივნისში ფრანგული საზოგადოება საკანონმდებლო ორგანოს წევრებს აირჩევს. საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ განმსაზღვრელი იქნება მაკრონის პრეზიდენტობისა, რადგანაც სწორედ ამ არჩევნების საშუალებით გადაწყდება ექნება თუ არა პრეზიდენტს პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა. პარტია „En Marche!” ემანუელ მაკრონმა ერთი წლის წინ ჩამოაყალიბა. მაკრონის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ განაპირობებს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის უპირობო წარმატებას. ახალი პარტიის ახალგაზრდა ლიდერს შესაძლოა გაუჭირდეს პარლამენტის უმრავლესობის საკუთარი პარტიით დაკომპლექტება. 

საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებიც დიდი ალბათობით ისეთივე არაპროგნოზირებადი იქნება, როგორითაც საპრეზიდენტო არჩევნები ხასიათდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მაკრონი საპარლამენტო უმრავლესობას არჩევნების საშუალებით ვერ მოიპოვებს, ახალი პრეზიდენტის პარტიას შესაძლოა კოალიციის ჩამოყალიბება დასჭირდეს დიდ პარტიებთან, რამაც შესაძლოა მაკრონის მიერ დაპირებული რეფორმების სწრაფად და უმტკივნეულოდ გატარებას ხელი შეუშალოს. 

მართალია, ემანუელ მაკრონმა მეორე ტურში მაღალი პროცენტული მაჩვენებლით გაიმარჯვა (66%), ამომრჩეველთა აქტივობა წინა წლებთან შედარებით დაბალი იყო (ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში:  2007-83.97%, 2012-80.35%, 2017-74.62%). 1969 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამომრჩეველთა აქტივობა მეორე ტურში უფრო დაბალი იყო, ვიდრე პირველ ტურში (77.77%).

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა (ემანუელ მაკრონი -23.8%, მარინ ლე პენი - 21.5%, ფრანსუა ფიონი - 19.9%, ჟან-ლუკ მელანშონი - 19.6%, ბენუა ჰამონი - 6.4%) აჩვენა, თუ რამდენად განსხვავდება ფრანგული საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის პოლიტიკური არჩევანი. შესაბამისად, უცნობია როგორ არჩევანს გააკეთებს ფრანგი ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებში. აქვე, გასათვალისწინებელია ლე პენის პარტიის, „ეროვნული ფრონტის“ ფაქტორიც. უდავოა რომ „ეროვნული ფრონტი“ და ასევე სხვა პარტიებიც საპარლამენტო არჩევნებში აქტიურად იბრძოლებენ, რათა ახლად არჩეული პრეზიდენტის პარტიამ უმრავლესობა არ მოიპოვოს.   

მაკრონის გამარჯვებამ ევროპაში ის ოპტიმიზმი გააღვიძა, რომელიც კონტინეტს ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. 7 მაისის არჩევნები საფრანგეთის ერთგვარ რეფერენდუმადაც შეირაცხა, სადაც ფრანგულმა საზოგადოებამ ევროპული არჩევანი გააკეთა. ეს არჩევანი კი სასიხარულოა ევროკავშირის სამეზობლოსთვისაც. გარდა იმისა რომ მაკრონის გამარჯვება ზრდის ევროკავშირის, როგორც, გლობალური აქტორის როლის გაძლიერების შანსებს და რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიციების მქონე ლიდერს სძენს მსოფლიოს, ამავდროულად, პრო-ევროპული კანდიდატის გამარჯვება შესაძლოა ე.წ. „შესაძლებლობის ფანჯარა“ იყოს ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვისაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ მომენტის გამოყენება და საფრანგეთთან თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაძლიერება ვიზა ლიბერალიზაციის შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად.

ამ ფონზე, საფრანგეთის ახალგაზრდა პრეზიდენტის სამომავლო საქმიანობას აქტიურად დააკვირდება როგორც ფრანგული, ისე, ევროპული და საერთაშორისო საზოგადოება. მისი გამარჯვება ევროპამ მიიღო როგორც იმედის მომცემი ცვლილება კრიზისულ სიტუაციაში, რაც მაკრონს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. თუმცა, მანამდე, საფრანგეთში მყარი პოზიციების განსამტკიცებლად მაკრონს მოუწევს დაამტკიცოს რომ ის არ არის ფრანსუა ოლანდის პოლიტიკის გამგრძელებელი, ან როგორც ფრანგები იტყოდნენ, „faire du neuf avec du viex” (ძველიდან ახლის შექმნა). 


<< უკან
08.05.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted