EN
GE
პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად უნდა გაითვალისწინოს
ა/წ 16 ივნისს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არაერთხელ გაცხადებული პოზიციის თანახმად, ხელისუფლება მზად არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს. მიუხედავად ამისა, კომისიის წინასწარი დასკვნიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგი დეპუტატების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ვენეციის კომისიის გარკვეულ რეკომენდაციებს ისინი არ იზიარებენ. 

 გასულ კვირას მედიით ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევნები არ უნდა ნიშნავდეს მუდმივად და ექსკლუზიურად საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატის გამარჯვებას. შესაბამისად, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევისათვის პირველ ტურში შემოღებული იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. წინასწარი დასკვნის მიხედვით, ასევე უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა პრობაცია. კომისია რეკომენდაციას გასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, მთავარი პროკურორის და სახალხო დამცველის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის სასარგებლოდ. ვენეციის კომისიამ ასევე უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტში არსებული აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საარჩევნო წელს არჩევნების მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე.

აღნიშნულზე კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტის პირველ ტურში კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის რეკომენდაციას არ იზიარებს და გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს შენიშვნა ხარვეზი და სავარაუდოდ თარგმანის პრობლემა იყო. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე არ დაეთანხმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ. საარჩევნო ნორმების არაკნონსტიტუციურად ცნობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების შეზღუდვის არამართებულობაზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და აღნიშნა, რომ ეს რეკომენდაცია გასათვალისწინებლად სავალდებულო არ არის. 

აღნიშნულის პარალელურად, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად კეთდება განცხადებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან და პრეზიდენტის ირიბი არჩევნების 2023 წლამდე გადავადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ წინააღმდეგობაზე. ვენეციის კომისია ხაზგასმით მიესალმა შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას და აღნიშნა, რომ მისასალმებელია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების 2023 წლამდე გადადება.

მმართველი პარტიის მიერ გაკეთებული რიგი განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ცდილობს იპოვოს გზები, თუ როგორ აარიდოს თავი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ცდილობს დააკნინოს ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციები. აღნიშნული განცხადებები არ შეესაბამება ხელისუფლების მიერ წინასწარ გაცხადებულ მზაობას ვენეციის კომისიის მოსაზრებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით და შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ნდობა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესისადმი.


ამრიგად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: 

• სრულად გაიზიაროს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც ასახული იქნება კომისიის საბოლოო დასკვნაში. 

• ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში მოცემული მოსაზრებების სათანადოდ გააზრებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში სრულყოფილად ასახვის უზრუნველსაყოფად, არ ჩაატაროს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო მოსმენები დაჩქარებულ რეჟიმში და დაიტოვოს გონივრული ვადა საკონსტიტუციო ცვლილებების განახლებული პროექტის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვისათვის.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 
საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო (TI) 
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF) 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 
სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 
კონსტიტუციის 42-ე მუხლი 
ლიბერალური აკადემია - თბილისი 
ადამიანის უფლებათა ცენტრი რეგიონული კვლევების სტრატეგიული ცენტრი

<< უკან
14.06.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted