EN
GE
საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესის შეფასება
„სამართლიანმა არჩევნებმა“ ამ დროისთვის დამუშავებული შუალედური მონაცემებით 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 194 საჩივარი წარადგინა. აქედან 42 საჩივარი დაკმაყოფილდა, 30 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 80 არ დაკმაყოფილდა და 6 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საჩივრები, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.  

საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. 33 საჩივრით მოთხოვნილი იყო კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა, საიდანაც არცერთი დაკმაყოფილდა. აღნიშნული მოთხოვნები დაყენებულ იქნა ძირითადად ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც შემაჯამებელი ოქმში გადასწორებულია მონაცემები; არ დგება ბალანსი, კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღმატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას.  

წარდგენილი საჩივრებიდან 48 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას, როდესაც ოქმში არასწორადაა ან საერთოდ არაა მითითებული სათანადო რეკვიზიტი, მაგალითად, ოქმის შედგენის თარიღი და დრო, კომისიის ბეჭდის ნომერი და სხვა; 15 საჩივარი ეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო 8 საჩივარი - შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადაკეთებას/გადასწორებას. 

საჩივრების განხილვისას ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ საჩივრების განხილვას და დაეფიქსირებიათ პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე. საჩივრების განხილვის პროცესში გამოვლინდა რიგი პრობლემები: 

  • საოლქო კომისიები უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებს მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა და იმისა, რომ ეს ახსნა-განმარტებები მთელ რიგ შემთხვევებში კენჭისყრის დღიდან მეორე ან მესამე დღეს იწერებოდა;  
  • ახალ ტენდენციას წარმოადგენდა ის, რომ საოლქო კომისიები ახსნა-განმარტებას მიიჩნევდნენ პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად; 
  • ასევე, რიგ შემთხვევებში საოლქო კომისიები ახსნა-განმარტების დაწერას თვლიდნენ დარღვევის აღმოფხვრად, რაც არალოგიკურია;  
  • საოლქო კომისიები თავს არიდებდნენ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვას, მიუხედავად დარღვევის სიმძიმისა (მაგალითად, ოქმში მონაცემების გადაკეთება; ბალანსის არ არსებობა ოქმში, ა.შ.). უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ შემთხვევებშიც, ისინი საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებას ან შეწსორების ოქმს ეყრდნობოდნენ, რომელიც ასევე, ძირითადად, კენჭისყრის დღის შემდგომ იყო შედგენილი; 
  • საუბნო კომისიის წევრების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მიზნით საოლქო კომისიები ხშირად იყენებდნენ არგუმენტს, რომ დარღვევა არ წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე გავლენა არ მოუხდენია; 
  • საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გარკვეულ შემთხვევებში არ იყო სათანადოდ დასაბუთებული; 
  • ადგილი ჰქონდა არათანაბარ მიდგომას (მაგალითად, ბათუმის საოლქო კომისიის მხრიდან), როდესაც მსგავსი დარღვევისთვის ერთი საუბნო კომისიის წევრებს დაეკისრათ პასუხისმგებლობა, ხოლო მეორე საუბნო კომისიის წევრებს - არა.  

ზოგადი ტენდენციის სახით გამოიკვეთა, რომ საოლქო კომისიები მაქსიმალურად ცდილობდნენ ნებისმიერი არგუმენტის გამოყენებით თავი აერიდებინათ არათუ კენჭისყრის შედეგების გადასინჯვისთვის, არამედ საუბნო კომისიის წევრებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვისაც. ამას კარგად ადასტურებს ფაქტი, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი საჩივრების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა, რაც განსხვავდება წარსულში საჩივრების განხილვის სურათისგან. 

სრულად მიუღებელია საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსი მიდგომა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების მიმართ. ნებისმიერი სახის დარღვევის ახსნა-განმარტებით გამართლება და ახსნა-განმარტების საფუძველზე აღმოფხვრილად მიჩნევა აკნინებს საარჩევნო კანონმდებლობისა და გათვალისწინებული სანქციების არსებობას. მსგავსი პრაქტიკა ხელს უწობს, ასევე, მომავალში საუბნო კომისიის წევრების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის უგულვებელყოფას. 

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები, მოახდინოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ დარღვევებზე ეფექტური რეაგირება და არ წაახალისოს საარჩევნო დარღვევები საარჩევნო კომისიის წევრთათვის პასუხისმგებლობის არიდებით.

<< უკან
02.11.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted