EN
GE
ცვლილებები მთავრობაში - რას ველოდოთ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით?
ISFED


საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ა/წ ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს სამინისტროების რაოდენობის შემცირებასა და მათ ოპტიმიზაციას. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით ამჟამად არსებული თექვსმეტი სამინისტროსა და ორი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნაცვლად, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ ცამეტი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იარსებებს. მათ შორის, ცვლილებები შეეხება ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეურთდება და მას მოქმედი ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხელ ჯანელიძე უხელმძღვანელებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით ა/წ შვიდ დეკემბერს დაამტკიცა. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერთების საკითხს, ის შესაბამისი სამართლებრივი აქტით დამტკიცდება საქართველოს მთავრობის მიერ. 

სახელმწიფოს მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 2004 წელს ჩამოყალიბდა და ზემოთ აღნიშნული მიმართულებებით ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანოა. სწორედ სახელმწიფო მინისტრის აპარატია პასუხისმგებელი ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, აპარატი ასევე კოორდინაციას უწევს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესრულებასაც. გარდა ამისა, აპარატის საქმიანობა მოიცავს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციას, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციასა და ასევე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ კომუნიკაციას. ამასთანავე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნა პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი იყო, როგორც საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კიდევ ერთხელ ხაზგასმა. 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შესვლის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას წინ არ უძღოდა კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან. შესაბამისად, უცნობია თუ რა ფორმით და როგორ მოხდება აპარატის ამჟამინდელი ფუნქციების საგარეო საქმეთა სამინისტროში გადატანა. ერთი შეხედვით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ აქცევს ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებებს. ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის თაობაზე მოლაპარაკებების კოორდინაციას სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტრო ახდენდა, ხოლო სახელმწიფო მინისტრის აპარატი მხოლოდ მონაწილეობდა ამ პროცესში. თუმცა, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ძირითადად პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი შიდა სახელმწიფოებრივი რეფორმების კოორდინაციაზე და შესაბამისად აქვს მუდმივი კომუნიკაცია სხვა უწყებებთან. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ძირითადად საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა-აღსრულებასა და კოორდინაციაზეა პასუხისმგებელი. 

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ეს ცვლილება მაღალ პოლიტიკურ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რადგანაც დღესდღეობით საგარეო საქმეთა მინისტრი ამავდროულად ვიცე-პრემიერის სტატუსითაც სარგებლობს. თუმცა, ეს არ არის იმის გარანტია, რომ ვიცე-პრემიერის პოზიცია მოქმედ ან მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრს გრძელვადიან პერსპექტივაში შეუნარჩუნდება. სავარაუდოდ, ორი უწყების შერწყმის შემდეგ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქცია-მოვალეობებზე უშუალო კურატორი და პასუხისმგებელი საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იქნება, რაც პოლიტიკური დონით ჩამოუვარდება სახელმწიფო მინისტრის პოზიციას. 

იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად საქართველოსთვის ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელება უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ დიდი და კომპლექსური პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ამ თვალსაზრისით, აღნიშნულ პროცესს უფრო მეტ პოლიტიკურ მნიშვნელობას შესძენდა ის, თუ მოხდებოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაცია-მონიტორინგის ფუნქციების პრემიერ-მინისტრის დონეზე ატანა/დაახლოება. 

ამ მხრივ აღსანიშნავია რომ მსგავსი სახით ორგანიზება შესაძლოა უფრო მეტად ეფექტური იყოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სხვა დეპარტამენტების საქმიანობის მხრივაც, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული მსგავსი სტრუქტურული ერთეული ძირითადად პასუხისმგებელია ქვეყნის გარეთ, დიპლომატიური წარმომადგენლობების კომუნიკაციის კოორდინაციაზე, ხოლო აპარატის შესაბამისი დეპარტამენტი უმეტესწილად პასუხისმგებელია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელების სამოქმედო გეგმის როგორც შემუშავებაზე, ისე მის კოორდინაციასა და მონიტორინგზე. აუცილებელია, რეორგანიზაციის შემდეგ სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცალკეულ დეპარტამენტად ჩამოყალიბდეს, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში უწყებათა შორის წამყვან პოზიციას დაიკავებს. 

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, საინტერესოა ევროკავშირის ყველაზე ახალი წევრის, ხორვატიის რესპუბლიკის გამოცდილება, რომელიც გარკვეული პარალელების გავლების საშუალებას გვაძლევს. 2000 წელს ხორვატიის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ევროინტეგრაციის სამინისტრო, რომლის ძირითადი მოვალეობაც ხორვატიის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მონიტორინგი იყო. ამ უწყებამ მხოლოდ ხუთი წელი იარსება და საბოლოოდ, 2005 წელს შეურთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლის სახელწოდებაც შესაბამისად შეიცვალა და გახდა “ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო“. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ რომ ხორვატიის მიერ ამ ცვლილების განხორციელების დროს ქვეყანა ბევრად უფრო წინ იმყოფებოდა ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით, ვიდრე ამჟამად საქართველოა. კერძოდ, იმავე წელს ოფიციალურად დაიწყო ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. შესაბამისად, ევროინტეგრაციის სამინისტროს გაუქმება და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთება კითხვებს ნაკლებად აჩენდა.  

საინტერესოა ასევე ესტონეთის მაგალითიც. 1996 წელს ესტონეთის სახელმწიფო კანცელარიაში შეიქმნა ევროინტეგრაციის ოფისი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებელი პროცესების შიდა კოორდინაციაზე. გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს მართავდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის ოფისის ჩართულობით. პრემიერ-მინისტრის დონეზე ამ ოფისის შექმნით ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ქვეყნის შიდა კოორდინაციას უფრო მეტი პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭა. ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ზემოთ აღნიშნული ოფისი გარდაიქმნა ევროკავშირის საკითხების სამდივნოდ, რომელიც ასევე განთავსებულია სახელმწიფო კანცელარიაში. 

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი. დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება კი უამრავ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, მათ შორის პირველი კი უკვე აღებული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულებაა. ქვეყნის შიდა რეფორმების სწორი და ეფექტური კოორდინაცია და მონიტორინგი კი ამის აუცილებელი წინაპირობაა. ამ მხრივ ესტონური გამოცდილების გაზიარებამ და კოორდინაცის ფუნქციის პრემიერ-მინისტრის დონეზე ატანამ შესაძლოა ეს პროცესი უფრო მეტად ეფექტური გახადოს. 
  • ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებისა და სხვა რეფორმების ქვეყნის შიდა კოორდინაციის, მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციის, ეფექტურობის გაზრდის მიზნით უმჯობესი იქნებოდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქცია-მოვალეობების პრემიერ-მინისტრის დონეზე ატანა და ოფისის/სამდივნოს სახით ჩამოყალიბება. ასევე, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა კომისიის ორგანიზების ფუნქციაც პრემიერ-მინისტრის დონეზე ასულიყო. 
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შერწყმის შემთხვევაში კი, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს შემდეგი რეკომენდაციები: 
  • მნიშვნელოვანია, საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპარტამენტის სტატუსით გადავიდეს/შეიქმნას სახელმწიფო მინისტრის აპარატში არსებული ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტი (რომელიც პასუხისმგებელია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების კოორდინაციაზე) და არ შეურთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე არსებულ ევროინტეგრაციის დეპარტამენტს, დაქვემდებარებული სამმართველოს სტატუსით რათა არ მოხდეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აღნიშნული დეპარტამენტის პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება. 
  • პროპაგანდისა და ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბაზაზე არსებული სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველო, რომელიც პოლიტიკური დეპარტამენტის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულია. მნიშვნელოვანია, რომ ორი უწყების შერწყმისას გათვალისწინებული იქნას აღნიშნული მიმართულების მნიშვნელობა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცალკე დეპარტამენტი, რომელიც გააერთიანებს როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ისე, სამინისტროში უკვე არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობებს. 
  • ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებასთან დაკავშირებული კითხვების თავიდან ასარიდებლად, სასურველია, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელწოდებაშიც მოხდეს სტრუქტურული ცვლილებების ასახვა და დაერქვას საქართველოს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტრო. 
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვის პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში აქტიურად იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება.

<< უკან
13.12.2017


Print
All rights reserved & Design is copyrighted