EN
GE
EPDE რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა
2018 წლის 13 მარტს, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE), რომლის წევრიც საქართველოდან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება არის. 

EPDE და მისი წევრი 15 ორგანიზაცია აპროტესტებს რუსეთის ხელისუფლების ქმედებას. EPDE-ს საბჭოს წევრმა, შტეფანი შიფერმა განაცხადა: „ჩვენ ვაპროტესტებთ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადების ფაქტს და ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას და მოვითხოვთ, ამ ბრალდების დაუყოვნებლივ უკან წაღებას, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ“. 

რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის ფედერალური მთავრობის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დახმარების კომისარმა ბარბელ კოფლერმა: „შეძრწუნებული ვარ EPDE-ის არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადების გამო. მოვუწოდებ რუსეთის მთავრობას, გააბათილოს ეს გადაწყვეტილება“.  

აღსანიშნავია, რომ არაერთი წელია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და მუდმივი დევნის მსხვერპლია EPDE-ს წევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “გოლოსი” და მისი აქტივისტები. „არასასურველი ორგანიზაციების შესახებ“ კანონი, რომელიც რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს, ცდილობს მოახდინოს დემოკრატიული მოძრაობების საქმიანობის კრიმინალიზება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები საქმიანობას არ შეწყვეტენ, იქ დასაქმებულ ადამიანებს და მათ პარტნიორებს რუსეთში, შესაძლოა 6 წლიანი პატიმრობა დაემუქროთ. ასევე, შესაძლებელია აეკრძალოთ რუსეთში შესვლა და მათ წინააღმდეგ გატარდეს არაერთი სხვა სანქცია. 

ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) 2012 წელს ვარშავაში დაარსდა და დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელს წარმოადგენს. გაერთიანება მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს არჩევნებზე სამოქალაქო დაკვირვებას აღმოსავლეთ-პარტნიორობის ქვეყნებში, რუსეთსა და ევროპის დანარჩენ ნაწილში და კონტრიბუცია შეიტანოს საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციაში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება EPDE-ს დამფუძნებელი წევრია. 

რუსეთის ფედერაციაში 18 მარტს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

<< უკან
15.03.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted