EN
GE
კორუფციის სისტემური პრობლემა დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს
გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებებში თანამდებობის პირების მონაწილეობის არაერთი შემთხვევის შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმიანობასთან დაკავშირებით გასაჯაროებული მასალები, რომლებიც მძიმე კორუფციული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერ არ შემოწმებულა, შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლებას დღემდე არ მოუხდენია სათანადო რეაგირება ამ მასალებზე, ხოლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის კომენტარები გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით გვაფიქრებინებს, რომ მათ გაცნობიერებული არ აქვთ პრობლემის სერიოზულობა.

ბოლო პერიოდში გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, რომლებიც სავარაუდო მძიმე კორუფციული დანაშაულისა და ქონების უკანონოდ გადაცემის მოთხოვნის შემცველ ფაქტებს ასაჯაროებს. ერთ-ერთ ჩანაწერში “ომეგა ჯგუფის” პარტნიორთან ზაზა ოქუაშვილთან საუბრობენ მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტების რეალიზაციიდან 50% წილის ქართული ოცნების ფონდისთვის გადაცემის შესახებ. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ავტომობილების გადაცემას სთხოვს. როგორც ჩანაწერიდან იკვეთება ავტომობილები განკუთვნილია ლევან ყიფიანისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის. 24 სექტემბერს გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და გიორგი ჩუბინიშვილის (ომეგა ჯგუფის კონკურენტი კომპანია “თბილისის თამბაქოს” ერთ-ერთი აქციონერი) საუბარია ასახული. ჩანაწერში ნათლად იკვეთება, რომ თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

საკითხის მნიშვნელობიდან და ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებულ მასალებში მაღალი თანამდებობის პირების სახელები ფიგურირებს და კორუფციაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის ნიშნები იკვეთება, შექმნილი მდგომარეობა ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. გარდა ამისა, პრობლემის შესაძლო სისტემური ხასიათი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ბოლო დროს გამოვლენილი სავარაუდო კორუფციის ფაქტების ფონზე, აუცილებელს ხდის შესაბამის სისტემურ ნაბიჯებს. 

ამ ეტაპზე, საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე, აუცილებლად მიგვაჩნია:
1. საგამოძიებო ორგანოებმა უზრუნველყონ საქმის გამოძიება;
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნას მმართველი პოლიტიკური პარტიის სავარაუდოდ არაკანონიერი გზით დაფინანსების საკითხი;
3. ხელისუფლების მიერ საჯარო დისკუსიის წამოწყება საქართველოს ანტიკორუფციული სისტემისა და საგამოძიებო ინსტიტუტების რეფორმირების საკითხზე, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია და ეფექტური გამოძიება;
4. მოვუწოდებთ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, ვისაც შეჰქმნია საჯარო მოხელეებთან თუ თანამდებობის პირებთან კორუფციული ხასიათის პრობლემები, ღიად განაცხადონ ამის შესახებ, რადგან მხოლოდ საჯაროობის შემთხვევაშია შესაძლებელი მათი უფლებების ეფექტურად დაცვა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საფარი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
 

<< უკან
25.09.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted