EN
GE
კენჭისყრის მიმდინარეობა 19:00 საათისთვის
კენჭისყრის მიმდინარეობა 19:00 საათისთვის

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 19 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.


ძირითადი დასკვნები 

ორგანიზაციის დამკვირვებლების ცნობით, კვლავ გრძელდება და მასშტაბური ტენდენციის სახე აქვს პარტიული აქტივისტების თავშეყრას უბნებთან, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებას აღრიცხავენ. ძირითადად ამ მეთოდს „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყენებენ, თუმცა ცალკეულ ოლქებში დაფიქსირდა ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც. 

უშუალოდ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ადგილი აქვს ცალკეულ პროცედურულ დარღვევებს, რომელთა შორისაც შედარებით ხშირია ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა.

ამ დროისთვის „სამართლიან არჩევნებს“ 48 საჩივარი წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში, ხოლო 43 საოლქო საარჩევნო კომისიებში.


ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე

ხმების პარალელური დათვლის (PVT) მონაცემებით 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 38.1% (+/- 0.8% ცდომილების ხარისხით) შეადგინა, რაც სტატისტიკურად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემის მსგავსია, როცა ამომრჩევლის აქტივობა 38.9% იყო.

თბილისში 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 35.8%-ია, ხოლო 2013 წელს 17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა თბილისის მასშტაბით 39.8% იყო.

რეგიონებში (თბილისი გარდა) ამომრჩეველთა აქტივობა 38.9%-ს შედაგინა, მაშინ როდესაც 2013 წელს ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი 17 საათისთვის რეგიონებში 38.4% იყო.

PVT-ის ინფორმაციის ანალიზი, ასევე, იძლევა საშუალებას ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემების საფუძველზე დადგინდეს თითოეულ დასაკვირვებელ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის სიჩქარე. მიღებული ინფორმაციის თანახმად, უბნების 74.5%-ში ხმის მიცემის სისწრაფე წარმოადგენდა ერთ ამომრჩეველს წუთში, ხოლო უბნების 25.2%-ში ხმის მიცემის სისწრაფე იყო 1-დან 2 ამომრჩევლამდე წუთში, ხოლო 2 ამომრჩეველზე მეტი იყო ხმის მიცემის სიჩქარე უბნების 0.3%-ზე.


დარღვევები

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: 

ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა: 

• #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #1, #30, #24, #25 და #26 საარჩევნო უბნებთან, #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #60 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორები სიებში აღრიცხავენ ამომრჩეველთა აქტივობას. ასევე, ყვარლის #1, #29, #19 და #20 უბნებზე კოორდინატორები აკეთებენ ამომრჩეველთა აღრიცხვას და პარალელურად ეწევიან სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას. 

• #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსებში მსხდომი აქტივისტების ფოტო-ვიდეო გადაღებისას, „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ვინმე გიორგი ჩხარტიშვილმა აგრესიული ფორმით ჩხუბი დაუწყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს. სიტუაცია განმუხტა და აგრესიულად განწყობილი აქტივისტი განარიდა „ქართული ოცნების“ შტაბის წევრმა ბესიკ მელუამ.

• „სამართლიანი არჩევნების“ მობილური ჯგუფი იმყოფებოდა სენაკის საარჩევნო ოლქის 17-მდე უბანში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დაფიქსირდა კოორდიანტორების მობილიზება როგორც მმრთველი პარტიიდან, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. 

აგიტაცია უბანზე

• #47 მესტიის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო პლაკატი იყო გამოკრული, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ ჩამოხსნეს. 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა: 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს შეეზღუდა ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება. არაუფლებამოსილი პირები უბანზე: 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #85 საარჩევნო უბანზე ყოველგვარი შემოწმების გარეშე შემოდიან არაუფლებამოსილი პირები და ხელს უშლიან საარჩევნო პროცესს. ნაკადის მარეგულირებლის მიერ არ ხდება აღნიშნული პირების შემოწმება. 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა: 

• #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #53 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს კაბინაში შეყვა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „21-ე საუკუნის“ წარმომადგენელი. თავმჯდომარემ დამკვირვებლის მითითების შემდეგ რეაგირება მოახდინა. 

ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა: 

• #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე ბიულეტენის კონვერტში მოთავსებისას ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ კონვერტში უკვე იდო შევსებული ბიულეტენი. 

• #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრებმა წაიღეს 12 ბიულეტენი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9 ამომრჩეველმა. ნაცვლად 3 გამოუყენებელი ბიულეტენისა, კომისიის წევრებმა 2 ბიულეტენი დააბრუნეს და განაცხადეს, რომ ერთი დაეკარგათ. 

• #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის წამღებ კომისიის წევრებს გადაეცათ 9 ბიულეტენი. არჩევნებში მონაწილება მიიღო 6 ამომრჩეველმა. შესაბამისად, უბანზე უნდა მოეტანათ 3 გამოუყენებელი ბიულეტენი, მაგრამ მოიტანეს 2. 

• #44 აბროლაურის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენი გასცა.

• #5 ისნის საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა ყუთში, მაშინ როდესაც კომისიის წევრები ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციის შეცვლით იყვნენ დაკავებულები.

• #30 კასპის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბანსა და #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე მოათავსა ბიულეტენი ყუთში. 

სხვის ნაცვლად ხმის მიცემა 

• #32 გორის საარჩევნო ოლქის #75 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი არ იყო სიაში, თუმცა თავმჯდომარის თანხმობით მას ხელი მოაწერიეს სხვა ამომრჩევლის ნცვლად და ამ გზით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. 

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა: 

• #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა მისცა პირადობის მოწმობის ასლით. 

მარკირების გარეშე ხმის მიცემა: 

• #67 ზუდიდის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანზე რეგისტრტორმა რამდენიმე ამომრჩეველს არ გაუკეთა მარკირება. 

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: 

• #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #10 საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიაში არ იყო მითითებული რომელი ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას გადასატანი ყუთით. სიაში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები 

• #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #24 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს გამორჩა სიაში ხელმოწერა, რაზეც დაიწერა ახსნა-განმარტება. 

• #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს ასევე გამორჩა ამომრჩევლის ხელმოწერა. 

• #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #17 საარჩევნო უბაზე და #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბანზე მისულ ორ ამომრჩეველს მათი გრაფის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა. 

სამართლიანი არჩევნები გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც საარჩევნო დარღვევები საარჩვენო რუკაზე აისახება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე პორტალის მეშეობით ან უფასო sms-ით ნომერზე 90039.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი. 

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ. 

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 22:00 საათზე.

<< უკან
28.10.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted