EN
GE
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გარემო ძალადობისა და აგრესიული რიტორიკისგან თავისუფალი უნდა იყოს
წელს პირველად საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს არჩევნების მეორე ტურზე აირჩევს. ამომრჩევლების მიერ მეორე ტურში გასული კანდიდატების მიმართ 28 ოქტომბრის კენჭისყრის დღეს ნაჩვენები თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მაღალი კონკურენტულობით გამოირჩევა. ამდენად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქართული დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.

წარსული გამოცდილებით, საქართველოში არჩევნების მეორე ტურზე მაღალი კონკურენცია პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში დაძაბულობის, ძალადობრივი ინციდენტებისა თუ ზეწოლის გარემოს რისკებს ზრდის. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან ორ დღეში, შემაშფოთებელი განცხადებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომსა და რევოლუციურ სცენარებს პროგნოზირებდნენ.

გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი გაერთიანების „ძალა ერთობაშია“-ს ინფორმაციით, იმავე დღეს, 30 ოქტომბერს, ახალქალაქში საქართველოს პარლამენტის წევრის, ენზელ მკოიანის ოჯახის წევრები 30-მდე ადამიანთან ერთად შეცვივდნენ მათ ოფისში და თავს დაესხნენ ამ გაერთიანების წევრებს. შედეგად, „ძალა ერთობაშია“-ს 4 წევრი სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში მოხვდა. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით. წინა დღეებში საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების კიდევ რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული ზემოაღნიშნული განცხადებები შეიცავს სამოქალაქო ომის პროპაგანდის და ძალადობის წახალისების ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. მსგავსი აგრესიული რიტორიკა ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების იდეას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ ადამიანის პოლიტიკურ უფლებებს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩამოიყალიბოს მოსაზრება ძალადობის, ძალადობის მუქარის, ძალდატანების, მოსყიდვის და ნებისმიერი სახის მანიპულაციური ჩარევის გარეშე.

ამდენად, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა საკუთარი განცხადებებით არ გამოიწვიონ საზოგადოებაში არჩევნებთან დაკავშირებით ძალადობისა და შიშის გარემოს განცდა. ამასთან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფუნქცია აკისრია ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია ძალადობისგან დაიცვას თითოეული მოქალაქე, ორგანიზაცია თუ სახელმწიფო ინსტიტუცია, და უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა.

ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, პატივი სცეს არჩევნებზე გამოხატულ ამომრჩევლის ნებას. ამდენად, არჩევნების კონკრეტული შედეგის შემთხვევაში შესაძლო სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ რიტორიკა უკიდურესად შემაშფოთებელი და დამაზიანებელია. როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან უმნიშვნელოვანესია მკაფიო გზავნილი, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას და მეორე ტურზე დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად არ შეეცდებიან ვითარების რაიმე სახით გამწვავებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საპრეზიდენტო კანდიდატებს, პარტიებს და მათ მხარდამჭერებს: 
 
  • მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ საჯარო განცხადებებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს სამოქალაქო ომისა და ძალადობის პროპაგანდას და რომელიც მიმართულია ამომრჩეველთა დაშინებისკენ; 
  • მკაფიოდ დააფიქსირონ, რომ პატივს სცემენ ამომრჩევლის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოხატულ ნებას; 
  • საკუთარ გამოსვლებში აღკვეთონ სიძულვილის ენის შემცველი ან ძალადობრივი კონოტაციის მქონე განცხადებები. 

ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს: 
 
  • დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ 30 ოქტომბერს ახალქალაქში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმის ინციდენტი, აგრეთვე ამ პერიოდში მომხდარი დაპირისპირების სხვა ფაქტები. გამოკვეთონ და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრონ დანაშაულში მონაწილე ყველა პირს; 
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში, უშუალოდ კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ, უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო.

ხელმომწერი ორგანიზაციები: 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) 
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

<< უკან
05.11.2018


Print
All rights reserved & Design is copyrighted