EN
GE
'სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების' განცხადება მარტვილის გამგეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით


„სამართლიანი არჩევნები“ გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების თაობაზე. სამწუხაროა, რომ არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კვლავ აქვს ადგილი ზეწოლას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებზე უკანონო ფორმებით.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 2012 წლის 26 ნოემბერს გაიმართა ფართომასშტაბიანი აქცია მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით. აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.

აქციამ კანონსაწინააღმდეგო   ფორმა მიიღო მაშინ, როდესაც მოქალაქეები გამგეობის შენობაში შეიჭრნენ, რამაც გამგეობის მუშაობის პარალიზება, ხოლო ინვენტარის ნაწილის დაზიანება გამოიწვია. კერძოდ, შენობის პირველ სართულზე ჩაიმსხვრა მინები, ხოლო გამგებლის სავარძელი მოქალაქეებმა გამგეობის შენობიდან გადმოაგდეს. აქციის მონაწილეების მიერ შენობის დატოვება პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა. ამჟამად კოალიცია  „ქართული  ოცნების“  მხარდამჭერები  ახდენენ  გამგეობის  შენობის შესასვლელის ბლოკირებას.

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ გმობს ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით და მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების გამოძიება და მასში მონაწილე პირების დასჯა    საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.

ამასთანავე, ქვეყანში შექმნილი ვითარება მთელი სიმწვავით წარმოაჩენს თვითმმართველობის  სფეროში  გასატარებელი  რეფორმის  აუცილებლობას.  მიგვაჩნია, რომ მერებისა და გამგებლების არჩევითობა გაზრდის მოქალაქეთა ნდობას არჩეული თვითმმართველობის თანადებობის პირთა მიართ და მომავალში მსგავსი კრიზისების თვიდან აცილებას შეუწყობს ხელს.


<< უკან
28.11.2012


Print
All rights reserved & Design is copyrighted