EN
GE
არასამთავრობოები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დაცვისკენ მოუწოდებენ


27 ივნისს მედიის სხვადასხვა საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თავისუფლება შეუზღუდა და სამინისტროს შენობაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ავტომანქანით მგზავრობისას მოულოდნელად გააჩერეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა. მათ აცნობეს, რომ დაკავებულნი    იყვნენ,    ხელბორკილი    დაადეს,    ჩამოართვეს    მობილური    ტელეფონები    და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში.  http://netgazeti.ge/GE/105/News/21063/

მედიის   საშუალებით   ფინანსთა   სამინისტროს   საგამოძიებო   სამსახურის   წარმომადგენელმა
დაადასტურა  კონკრეტულ  სისხლის  სამართლის  საქმეზე  ქალაქ  თბილისის  მერიისა  და საკრებულოს თანამდებობის პირთა დასაკითხად მიყვანის ფაქტი. ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო   სამსახურის   წარმომადგენელმა   განაცხადა,   რომ:   ,,საგამოძიებო   სამსახურს   აქვს უფლება  პირს პირისპირ განუცხადოს, რომ ის დაკითხვაზეა დაბარებული, ამის გაკეთების რამდენიმე სამართლებრივი ფორმა არსებობს და საგამოძიებო სამსახურმა აირჩია ეს".

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოწმის მიყვანა ხორციელდება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს საგამოძიებო მოქმედებაში მისი მონაწილეობა, თუ იგი უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე. მიყვანის შესახებ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 149-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება. ამგვარად, მიყვანის, რომელიც თავის თავში მოიცავს პირისათვის თავისუფლების შეზღუდვისა და იძულების ელემენტს, გამოყენებისათვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს იმას, რომ მოწმემ ნებაყოფლობით თქვას უარი საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არც მედიისათვის გაკეთებულ კომენტარში და არც სპეციალურად ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში არ განუმარტავს ის, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს მიეცათ გაფრთხილება საგამოძიებო ორგანოებში  ნებაყოფლობით  გამოცხადებისათვის.  ეს  გარემოება  წარმოშობს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ღონისძიების კანონიერებასთან დაკავშირებით კითხვებს.

გვსურს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შევახსენოთ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ადამიანის მიმართ თავისუფლების შეზღუდვის და იძულების ღონისძიების  გამოყენება  უნდა  იყოს  უკიდურესი  ღონისძიება.  საპროცესო  კოდექსი  ცალსახად
 
კრძალავს მიყვანის, როგორც იძულების ღონისძიების გამოყენებას, მაშინ როცა პირს წინასწარ არ მისცეს საგამოძიებო ორგანოში ნებაყოფლობით გამოცხადების შესაძლებლობა. მოულოდნელი ხასიათის საპროცესო ღონისძიებები, როდესაც ადამიანმა არ იცის, თუ რა სურს მისგან საგამოძიებო ორგანოს და რატომ ხდება მის მიმართ იძულების გამოყენება, არამარტო არღვევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, არამედ ეჭვქვეშ აყენებს საქმეზე ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძოიების ჩატარების ლეგიტიმურ ინტერესებს და მომავალში სამართლიანი სასამართლოს უფლებით ჯეროვნად სარგებლობის შესაძლებლობას.

ამასთან, გაუგებარი დარჩა თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ისახავდა მერიისა და საკრებულოს თანამშრომელბის დაკავება თუ იძულებით მიყვანა იმ ფონზე, როდესაც, როგორც ეს პირები განმარტავენ, ისინი არც მოწმის სახით დაკითხულან სათანადო წესით და არც დაკავების ოქმები შედგენილა მათ მიმართ. ამ ,,გაუგებრობას" კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ დილით ყველა მათგანი გათავისუფლდა, ხოლო საღამოს საათებში რამოდენიმე პირი კვლავ იქნა დაკავებული. საგამოძიებო ორგანომ რამდენიმე განცხადების გავრცელების მიუხედავად, ამ პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს დამაჯერებელი და სამართლებრივად დასაბუთებული პასუხი ვერ გასცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედებები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც ჩრდილს აყენებს მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას ამის გამო მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ერთის მხრივ მომავალში თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევისაგან, ხოლო მეორეს მხრივ ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიონ ზემოაღნიშული ფაქტები.




საქართველოს ახალდაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED)

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI)

<< უკან
03.07.2013


Print
All rights reserved & Design is copyrighted