EN
GE
ფიზიკური ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტები „სამართლიანი არჩევნების“ მეექვსე შუალედურ ანგარიშში
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) განაგრძობს 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს და წარმოგიდგენთ მოიტორინგის მეექვსე და ბოლო შუალედურ ანგარიშს. ანგარიში მოიცავს  2013 წლის 7 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლენილ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს. ასევე, ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტებს მიერ გამართული წინასაარჩევნო ღონისძიებებისა და გაცემული დაპირებების თაობაზე.

“სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების მიერ 377 შეხვედრა გაიმართა. ყველაზე მეტი, 199 შეხვედრა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა, შემდეგ მოდის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა“ 85 შეხვედრით,   „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 76 შეხვედრა და სხვა პარტიები.

 „დამკვირვებლების ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიტიკური მოტივით ზეწოლისა და მუქარის ორი ფაქტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მოქალაქეზე. ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების სამ ფაქტს  „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების, ასევე, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ აქტივისტის მიმართ.“ - ამბობს ნინო ლომჯარია, სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა საარჩევნო პლაკატების განზრახ დაზიანების სამი ფაქტი, კერძოდ, დავით ბაქრაძის პლაკატები ჩამოხიეს ბათუმში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესა და ლანჩხუთში. 

ადმინისტრაციული რესურსი იქნა გამოყენებული გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრისას ფოთში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეები სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე, დაფიქსირდა შუახევში, სადაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებაზე კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოთ აგიტაცია  ბათუმის მაჟირიტარმა დეპუტატმა გასწია. 

წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას არასათანადო ადგილას ადგილი ჰქონდა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატის მიერ ბათუმსა და ფოთში.  
დარღვევების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://electionsportal.ge 

ანგარიშის გამოცემა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“, USAID-ის და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით. გამოთქმული შეხედულებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს NDI-ის, USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.


<< უკან
24.10.2013


Print
All rights reserved & Design is copyrighted