EN
GE
ხმის მიცემისა და უბნის დახურვის პროცესი
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 29 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნების მონიტორინგს ცხრა საარჩევნო ოლქში ახორციელებს 14 მოკლევადიანი დამკვირვებლის, 9 ოლქის დამკვირვებლისა და 4 მობილური ჯგუფის მეშვეობით. ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ. 

ძირითადი დასკვნები

12-დან 20"00 საათამდე პერიოდში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად და ორგანიზებულად. ხმის მიცემისა და უბნის დახურვის დროს, მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მცირე ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. 

დარღვევები

„სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლებმა არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 2 ფაქტი დააფიქსირეს ქობულეთის #34  და ახალქალაქის  #1 საარჩევნო უბნებზე. კერძოდ, საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის" წარმომადგენლები შესაბამისი აკრედიტაციების გარეშე.

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა  საოლქო საარჩევნო კომისიებში 2  საჩივარი წარადგინა,  3 შენიშვნა გაკეთდა ჩანაწერთა წიგნში.  

სამართლიანი არჩევნები პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე.

 „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით.  ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის,ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ან ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს შეხედულებებს.


<< უკან
29.06.2014


Print
All rights reserved & Design is copyrighted