EN
GE
ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის და კენჭისყრის მიმდინარეობა
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 28 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 800-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, რომლებიც გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში, მათ შორისაა ასევე 32 მობილური ჯგუფი.  

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:
 თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 350 საარჩევნო უბანზე; 
 4 თვითმმართველ ქალაქსა (რუსთავი, მცხეთა, გორი, ოზურგეთი) და 7 თვითმმართველ თემში (ხონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული, ლანჩხუთი, ხულო, ახმეტა) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე;
 7 საარჩევნო ოლქში (ბათუმი, ფოთი, ქობულეთი, თელავი, ყვერელი, მარტვილი, თიანეთი) არჩევნების დღის მონიტორინგს ორგანიზაცია მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება. რომელიც გვაძლევს საშუალებას დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, შევაფასოთ არჩევნების დღის მთლიანი პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 2003 წლიდან, ანუ 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 12 ივლისის არჩევნები რიგით მეცხრეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღისა და პროცესის შედეგების შეფასებისთვის.

2014 წლის 12 ივლისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველი აირჩევს 8 მერს და 13 გამგებელს იმ თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც კანდიდატებმა არჩევნების პირველ ტურში ვერ დააგროვეს ამომრჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა (50%+1).

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობისა და ამ დროისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 



ძირითადი დასკვნები



,,სამართლიანი არჩევნების’’ ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში   17:00 საათისთვის  ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ოზურგეთში (41%). რაც შეეხება დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებს, თბილისში ამომრჩეველთა 27%-მა (ცდომილების ხარისხი +/-0.5%) მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო მცხეთაში - 36%, გორში - 30% და რუსთავში - 27%. 

თუ 12:00 საათისთვის თვითმმართველ ქალაქებში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილი იყო პირველი ტურის 12:00 საათიან აქტივობასთან შედარებით, 17:00 საათისთვის თბილისის, მცხეთის და რუსთავის თვითმმართველ ქალაქებში აქტივობა უფრო დაბალი იყო, ვიდრე 15 ივნისის არჩევნებზე 17:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა.  

 
ადგილობრივ თემებში, სადაც მიმდინარეობს გამგებლის არჩევნები, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ხონში (50%). ასევე საკმაოდ მაღალია ამომრჩეველთა აქტივობა ლანჩხუთისა (42%), და თერჯოლის (42%) საარჩევნო ოლქებში. თითქმის ერთნაირია ამორჩეველთა აქტივობა ახმეტის (37%), ხულოს (36%), ბაღდათისა (35%) და ტყიბულის (35%) მუნიციპალიტეტებში. 


დარღვევები

13:30 საათიდან 18:00 საათამდე მონაკვეთში ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს შემდეგი დარღვევები:

პოლიტიკური პარტიის აქტივისტის დაკავების 1 შემთხვევა: კრწანისის #10 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიასთან სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა დააკავეს, მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები - ნუგზარ მკალავიშვილი და მერაბ გადაბაძე.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ნუგზარ მკალავიშვილი მალევე გაათავისუფლეს, ხოლო მერაბ გადაბაძე კვლავაც დაკავებულია. როგორც პოლიციამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აცნობა, მერაბ გადაბაძე დაკავებულ იქნა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იარაღის უკანონო ფლობასთან დაკავშირებით, თუმცა თავად გადაბაძე ამ ფაქტს უარყოფს. დაკავებულის ოჯახის წევრები მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ეკონტაქტებიან. როგორც მათ პარტიის წარმომადგენლებს განუცხადეს, სამართალდამცავები დაემუქრნენ, თავი შეეკავებინათ საჯარო განცხადების გაკეთებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით,  მერაბ გადაბაძის სიტუაცია გართულდებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული დაკავება მოხდა პარტიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით.  „სამართლიანმა არჩევნებმა“  აღნიშნული ფაქტის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას. ამ უკანასკნელის ინფორმაციით, ამ დროისთვის ორივე პიროვნება განთავისუფლებულია.  

გადასატანი საარჩევნო ყუთის მთლიანობის დარღვევის 2 შემთხვევა: თერჯოლის #30 საარჩევნო უბანზე 12 საათსა და 50 წუთზე დააბრუნეს გადასატანი საარჩევნო ყუთი, რომლის ლუქის მთლიანობა მნიშვნელოვნად იყო დარღვეული. ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა საუბნო საარჩევნო კომისიაში და მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა. თერჯოლის #11 საარჩევნო უბანზე დაბრუნებული გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული. 

არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 1 შემთხვევა ფოთის #24  საარჩევნო უბანზე; 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 1 შემთხვევა ხონის  #5  საარჩევნო უბანზე;  
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 5  შემთხვევა მცხეთის #2, ხულოს #11, #23, ტყიბულის #30 და #32 საარჩევნო უბნებზე; 

ამომრჩეველთა სიაში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერის 2 შემთხვევა: ნაძალადევის #26 და საბურთალოს #60 საარჩევნო უბნებზე, რის გამოც ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება;

მარკირების გაკეთების პროცედურის დარღვევის 1 შემთხვევა: საბურთალოს #33 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩევლის არსებობა საარჩევნო სიაში გადაამოწმა მხოლოდ მარკირების გაკეთების შემდეგ.  ვინაიდან ამომრჩეველი აღნიშნული უბნის სიაში არ აღმოჩნდა, მან ავტომატურად ხმის მიცემის უფლება დაკარგა. 
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 6 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 25 საჩივარი.
ამასთანავე ,,სამართლიანი არჩევნები“ ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტების შესახებ რამდენიმე საარჩევნო ოლქში და მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თუ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი  შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან. 
,,სამართლიანი არჩევნები“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას საარჩევნო ვებპორტალის - www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები დაუყოვნებლივ აისახება საარჩვენო რუკაზე. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039
.
,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო ზარებისა და პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით აწვდიან ინფორმაციას თბილისში განთავსებულ მონაცემთა ანალიზის ცენტრს, რომელიც დაკომპლექტებულია 15 ოპერატორის, 15 იურისტისა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებისაგან. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შექმნა PTV მონაცემთა ბაზა, რომელიც ამუშავებს დამკვირვებლების ტექსტებს, ყველა მონაცემი გადის რამდენიმე ხარისხის კონტროლის ტესტს და მათი გადალახვის შემდეგ, ხორციელდება მონაცემთა ანალიზი და მათი შეტანა ორანიზაციის მიგნებებსა და დასკვნებში.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთებიდან ერთ-ერთი:

 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

 საქართველოს მოქალაქის პასპორტი ( ე.წ. საზღვარგარეთის პასპორტი);

 დევნილის მოწმობა (პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად).

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.

“სამართლიანი არჩევნების“ შემდეგი განცხადება გამოქვეყნდება 21:30 საათზე.

არჩევნების მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა“ (USAID), საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ (OSGF). ზემოთ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის,  ამერიკელი ხალხის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ან ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს შეხედულებებს.


<< უკან
12.07.2014


Print
All rights reserved & Design is copyrighted