EN
GE
ISFED უკრაინაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება

დღეს, 26 ოქტომბერს,  უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ დამკვირვებლები  უკრაინაში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან.

ENEMO-ს მისიის ფარგლებში ISFED-ს ორი გრძელვადიანი და 8 მოკლევადიანი დამკვირვებელი ჰყავს უკრაინაში მივლენილი.  ISFED-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები,  აკვირდებოდნენ უკრაინაში წინასაარჩევნო პერიოდს. დღეს ISFED საპარლამენტო არჩევნებს  ოდესაში,  ხერსონში, ლვოვსა და კიევში აკვირდება.

ENEMO დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელია, სადაც 17 ქვეყნის 21 ორგანიზაციია გაერთიანებული. სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვებისას ხელმძღვანელობას ევროპული სტანდარტებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს, ENEMO-ს ეგიდით 156 მოკლევადიანი დამკვირვებელი აკვირდება, 17 ორგანიზაციიდან.  დამატებით 21 ჯგუფი, არჩევნების გრძელვადიან დაკვირვებაზე მუშაობს.

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, 26 ოქტომბრის არჩევნები არ ტარდება 12 საარჩევნო ოლქში, რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე. პრორუსი სეპარატისტები ნოემბერში საკუთარ, სეპარატისტულ არჩევნებს გეგმავენ.  

უკრაინის რადაში 450–ის ნაცვლად 423 დეპუტატს აირჩევენ. 

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს 5% -ანი ბარიერის გადალახვა ესაჭიროებათ რადაში ადგილების მოსაპოვებლად.  მთავარი პარტიები, რომლებიც გამარჯვებისთვის იბრძვიან უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბლოკია, სადაც მისი "სოლიდარობის პარტია" და ვიტალი კლიჩკოს პარტიაა გაერთიანებული. ასევე პრემიერ მინისტრის, არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“, ოლეგ ლიაშკოს „ნაციონალური რადიკალური პარტია“ და ყოფილი პრემიერ მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივსჩინა“.

ვრცლად, დაკვირვების პროცესის და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ, „სამართლიანი არჩევნები“ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.



<< უკან
26.10.2014


Print
All rights reserved & Design is copyrighted