EN
GE
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერესიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის 2014 წლის 16 მაისის არჩევნების მონიტორინგის ანგარიში
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2014 წლის 16 მაისს დააკვირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს. ორგანიზაციამ მონიტორინგი განახორციელა არსებული 12 უბნიდან 6 უბანზე. ესენია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის N1 და N2 უბანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის N1 და N2 უბანი, იურიდიული ფაკულტეტის N1 უბანი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის N2 საარჩევნო უბანი.

არჩევნებზე დაკვირვება განხორციელდა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მოწვევის საფუძველზე.

არჩევნებში სულ მონაწილეობდა 141 კანდიდატი. აქედან 121 წარმოადგენდა დამოუკიდებელ კანდიდატს ხოლო, მათგან 20 – ორგანიზაციულ კანდიდატს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური ჯგუფიდან ააიპ „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება“.
 
საარჩევნო რეგისტრაციისას 36 კანდიდატს დაუდგინდა ხარვეზი. 3 დღიან ვადაში 35 კანდიდატმა გამოასწორა ხარვეზი და შეძლო რეგისტრაცია, ხოლო ერთი კანდიდატის შემთხვევაში ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ, რამდენადაც დაადგინა კანდიდატად რეგისტრაცისათვის საჭირო მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების გაყალბების ფაქტი. შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ ყველა მსურველს მიეცა კანდიდატად რეგისტრირებისა და პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის საშუალება.

უშუალოდ არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევის განხილვამდე გვინდა ავღნიშნოთ და მივესალმოთ რამდენიმე დადებით ფაქტს:
1) თორმეტივე საარჩევნო უბანზე ჩართული იყო ვიდეოკამერა, რომლის მეშვეობითაც მთელი დღის განმავლობაში ხდებოდა უბანზე არსებული სიტუაციის ვიდეოგადაღება და პირდაპირი ტრანსლირება თსუ მეორე აკადემიური კორპუსის რესურსცენტრის მონიტორებზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო თორმეტივე უბანზე მიმდინარე საარჩვენო პროცესზე ვიზუალური დაკვირვება;
2) არჩევნების წინა დღეს ცესკოს ორგანიზებით დამკვირვებლებისთვის მოწყო საორიენტაციო შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე დამკვირვებლებს მიეცათ საშუალება გასაუბრებოდნენ ცესკოს წევრებს, გაცნობოდნენ თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ რეგულაციებს და დაესვათ კითხვები არჩევნებთან დაკავშირებულ როგორც ტექნიკურ, ისე შინაარსობრივ საკითხებზე;
3) დამკვირვებლებს მთელი დღის განმავლობაში ეძლეოდათ დაკვირვების სრული თავისუფლება. არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა დამკვირვებლის შეზღუდვის ან მასზე ზეწოლის ფაქტი.

რაც შეეხება არჩევნების დღეს დაფიქსირებულ ხარვეზებს, გვსურს გამოვყოთ რამდენიმე სახის შესაძლო დარღვევა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იქნა დაფიქსირებული:
1)  „სამართლიანი არჩევნების“ მისიის დაკვირვების ქვეშ მყოფ ექვსი საარჩევნო უბანი გაიხსნა დაგვიანებით. თსუ თვითმმართველობის დებულებით საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას 8 საათზე. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცესკომ უბნის გახსნის დროდ დააწესა 10 საათი, რისი უფლებამოსილებაც მას დებულების შესაბამისად ჰქონდა. თუმცა, ამის მიუხედავად, უბნების გახსნა მოხდა საშუალოდ 47 წუთის დაგვიანებით. ჩვენი დაკვირვებით, აღნიშნული ფაქტი გამოწვეული იყო საორგანიზაციო ხარვეზით, კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები (ამომრჩეველთა სარეგისტრაციო ჟურნალი) იბეჭდებოდა არჩევნების დღეს, დილით, რის გამოც დაგვიანდა უბნების გახსნა. აღნიშული გარემოების გათვალისწინებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების 30 წუთით გვიან დახურვის თაობაზე. 
2) 6 უბნიდან 2 უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები გადანაწილდა არა წილისყრის, არამედ ცესკოს გადაყვეტილების საფუძველზე, რაც არჩევნების დებულებით პირდაპირ არ იყო გათვალისწინებული;
3) რაც შეეხება ამომრჩეველთა სიების სისრულესა და სიზუსტეს. 
 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის N1 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი სიაში შეყვანილი არ იყო, თუმცა მან წარმოადგინა სტუდენტის სტატუსის დამასტურებელი ცნობა, რომელიც გაცემული იყო დეკანის მიერ, რის შემდეგაც მას მიეცა ხმის მიცემის უფლება და შეყვანილ იქნა სიაში, რაც განხორციელდა ცესკოს მიერ დადგენილ წესზე დაყრდნობით;
 სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის N1 საარჩევნო უბანზე ერთ ამომრჩეველს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ვინაიდან ვერ მოხერხდა მისი, როგორც ამომრჩევლის იდენტიფიცირება წარმოდგენილი პირადობის მოწმობის საფუძველზე.
4) ექვსიდან არც ერთ უბანზე არ იყო გამოკრული ამომრჩეველთა კედლის სია, ასევე ბიულეტენის შევსების წესი და კანდიდატთა ნუსხა თავისი პროგრამებით (თსუ–თვითმმართველობის დებულება. მუხლი 33, დ ქვეპუნქტი), თუმცა, თსუ–ის ძირითადი საგანამათლებლო ერთეულების ხელმძღვანელებთან (დეკანატი) შეთანხმების შესაბამისად, ცესკოს გადაწყვეტილებითა აღნიშნული მონაცემები წინასწარ გამოქვეყნებულ იქნა თსუ–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე;
5) იურიდიული ფაკულტეტის N1 საარჩევნო უბანზე არ იწარმოებოდა საუბნო სარეგისტრაციო ჟურნალი. შესაბამისად, არ მომხდარა უბანზე შემოსული ჟურნალისტებისა თუ დამკვირვებლების რეგისტრაცია;
6) იურიდიული ფაკულტეტის N2 საარჩევნო უბანზე, რომელსაც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი პერიოდულად აკვირდებოდა, დაფიქსირდა, რომ კომისიის წევრებს არ ეკეთათ საიდენტიფიკაციო გულსაკიდები, რომელიც დაადასტურებდა მათ სტატუსსა და უფლებამოსილებას (დებულებით ამის ვალდებულება არსებობდა);
7) უბნებზე შემოსულ ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ შესაბამისი მოწმობა (აკრედიტაციის საბუთი), თუმცა საარჩევნო დებულებით მათი წინასწარი აკრედიტაცია გათვალისწინებული არ ყოფილა.

რაც შეეხება ხმის დათვლის პროცესს, ყველა შემთხვევაში აღნიშნული პროცესი ჩატარდა წესების დაცვით. გაცემული ბიულეტენების რაოდენობა დაემთხვა სიაში არსებული ხელმოწერების რაოდენობას; გაცემული ბიულეტენების რაოდენობა დაემთხვა ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობას.

მართალია არჩევნების დღეს გამოვლინდა ტექნიკურ–პროცედურული დარღვევები თუმცა, ჩვენი აზრით ამ დარღვევებს ზეგავლენა არ მოუხდენია არჩევნების საერთო გამჭვირვალე და სამართლიან ფონზე. ასევე, დაცული იყო არჩევნების საყოველთაოობისა და ფარულობის პრინციპები. ამდენად, ჩვენი მოსაზრებით, არჩევნების შედეგები ასახავს ამომრჩევლის რეალურ ნებას.

ანგარიში მოამზადა მარიამ კვარაცხელიამ

<< უკან
23.05.2014


Print
All rights reserved & Design is copyrighted