EN
GE
საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

2015 წლის 30 მაისს 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 14 პოლიტიკური პარტიის  წარმომადგენლებმა  პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს და არჩევნები მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები შემდეგი ინიციატივით მიმართავენ  საქართველოს პარლამენტს:

"საქართველოში დემოკრატიული კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი.

სწორედ ხსენებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა პარლამენტის წევრთა ინიციატივით,დაუყოვნებლივ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება. გთავაზობთ საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის 1 პუნქტის ახალი რედაქციის პროექტს:

"საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან".

კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ინიცირებული, რათა 2016 წელს მორიგი  საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე  გონივრული ვადით ადრე შეიცვალოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა.

იმედი გვაქვს, წინამდებარე მიმართვის ტექსტში წარმოდგენილი კონსესუსი, რომელიც განსხვავებული შეხედულებების მქონე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს, თქვენი მხარდაჭერითა და საერთო ძალისხმევით აისახება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებში''.


<< უკან
30.05.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted