EN
GE
ISFED 'იმედის' მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის ფაქტს ეხმაურება
ამა წლის 29 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა“ განცხადება   გააკეთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების სეგმენტის „დროებით შეჩერებასთან“ დაკავშირებით და ეთერიდან მოხსნა ორი რეიტინგული გადაცემა - „იმედის კვირა“ და „რეაქცია“. 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“  უარყოფითად აფასებს  საპარლამეტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ქართულ მედია-სივრცეში ორი რეიტინგული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის დახურვის ფაქტს და მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გაკეთებული განმარტებები ვერ პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს მედია საშუალებაზე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. 

დასანანია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით საკმარისი განმარტება არ გაკეთებულა. მიუხედავად იმისა, რომ „იმედი“ კერძო ტელეკომპანიაა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობთ ასეთი განმარტების გაკეთება აუცილებელია, მით უფრო, რომ პოლიტიკურ ზეწოლაზე ღიად საუბრობენ თავად გადაცემის ავტორები. ამასთანავე, სრულიად გაურკვეველია, რის საფუძველზე მოხდა ისეთი გადაცემების დახურვა, რომელთა რეიტინგი განსაკუთრებით მაღალია. 

მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართულ მედია-სივრცეში მნიშვნელოვნად მცირდება სადისკუსიო სივრცე. ამას ასევე მოწმობს ტელეკომპანია „მაესტროდან“ არაერთი ჟურნალისტის გათავისუფლება და რეიტინგული გადაცემების დახურვა , რამაც ასევე მრავალი კითხვა გააჩინა მედია საშუალებების დამოუკიდებლობის თაობაზე. 

ეს გარემოება კიდევ უფრო შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც არჩევნებამდე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების არსებობა და ჯანსაღი დისკუსია უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური გარემოს ობიექტურად გაშუქებისა და ამომრჩევლის სათანადოდ ინფორმირებისთვის. 

მიგვაჩნია, რომ პლურალისტური მედია-გარემო დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ელემენტია და მისი არარსებობა მძიმე დარტყმას მიაყენებს როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს, ასევე საზოგადოებაში ჯანსაღი პოლიტიკური დისკუსიის არსებობას. 

ვიმედოვნებთ, რომ ტელეკომპანია „იმედი“ გააკეთებს სათანადო განმარტებას და პასუხს გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს. 

ასევე, იმედს გამოვთქვამთ, რომ ნაციონალური მაუწყებლები სრულად გააცნობიერებენ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მათ პლურალისტური და ჯანსაღი მედია-გარემოს ჩამოყალიბებაში ეკისრებათ. 


<< უკან
31.08.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted