EN
GE
„სამართლიანი არჩევნების“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრები
31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში „სამართლიანმა არჩევნებმა“ 12 საჩივარი წარადგინა. საჩივრები შეეხება როგორც უბნის გახსნისა და ხმის მიცემის პროცედურების დარღვევას, ასევე, შემაჯამებელ ოქმებში დაშვებულ ხარვეზებს და უზუსტობებს.

 კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშრებული საჩივრები

12 საჩივრიდან 7 საჩივარი შეტანილია უბნის გახსნისა და ხმის მიცემის პროცესის დროს გამოვლენილ დარღვევებზე. აქედან, 6 შემთხვევაში დაყენებულია მოთხოვნა კომისიის შესაბამისი წევრების  დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე, ხოლო 1 შემთხვევაში მოთხოვნილია კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვას. მოცემული 7 საჩივრიდან 6 შეტანილია მარტვილის #65 საარჩევნო ოლქში, ხოლო 1 საგარეჯოს #11 საარჩევნო ოლქში. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეს უკანასკნელი საჩივარი დაკმაყოფილდა და #8 საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და მდივანს დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება.  

 ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესთან დაკავშრებული საჩივრები

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი 12 საჩივრიდან 5 ეხება შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებს. ხუთივე შემთხვევა დაფიქსირდა საგარეჯოს საარჩევნო ოლქში. ეს დარღვევებია #19 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გასწორება, რაც იკრძალება კანონმდებლობით; #2, #13, #45 და #47 საარჩევნო უბნებზე გაცემული ბიულეტენების მეტობა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე, რის გამოც შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი; #41 და #47 საარჩევნო უბნებზე არასრულყოფილი და არასწორი მონაცემების შეტანა ოქმებში. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით მოთხოვნილია კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა და შესაბამისი კომისიის წევრების  პასუხისმგებლობა. 

ამ დროისთვის, საგარეჯოს საარჩევნო ოლქმა განიხილა #19 და #41 საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების შესახებ წარდგენილი საჩივრები. მონაცემების გასწორებისთვის #19 საარჩევნო უბნის კომისიის მდივანს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო თავმჯდომარეს მიეცა შენიშვნა. #41 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს ოქმის არასწორად შევსებისთვის დაეკისრა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა. 

აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზებიდან ყველაზე პრობლემატურია #13 საარჩევნო უბანი, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოიცავს #50 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანს. ამ შემთხვევაშიც, ადგილი ჰქონდა გაცემული ბიულეტენების მეტობას ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. ორგანიზაციას წარდგენილი აქვს საჩივარი შედეგების გადასინჯვის მოთხოვნით, რომლის განხილვაც, არსებული ინფორმაციით, საოლქო კომისიაში 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს. 

უნდა ითქვას, რომ „სამართლიან არჩევნებს“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად არაერთი რეკომენდაცია აქვს წარდგენილი გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნების შექმნისა და ამ უბნებზე ხმის მიცემის შესახებ. შუალედურმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ამ საკითხზე მოქმედი საკანონმდებლო ნორმების გადახედვის აუცილებლობა. 

ამასთან, მიუღებელია მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, განსაკუთრებით როდესაც საკითხი ეხება თავდაცვის სფეროს, ვინაიდან სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობა წლების განმავლობაში კრიტიკისა და მანიპულაციის საგანს წარმოადგენდა.  ასეთმა ჩართულობამ შეიძლება ეჭვ ქვეშ დააყენოს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარმართვის საკითხი. მიგვაჩნია, რომ ამ კუთხითაც გადასახედია არსებული სამართლებრივი ნორმები. 

„სამართლიანი არჩვენების“ საჩივრების განხილვა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობს. ორგანიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ საჩივრების განხილვას და დააფიქსირონ ორგანიზაციის პოზიცია წარდგენილ საჩივრებზე. 
ამ ეტაპზე, საოლქო კომისიები განაგრძობენ წარდგენილი საჩივრების განხილვას. პროცესის მიმდინარეობის პარალელურად „სამართლიანი არჩევნები“ მოახდენს მონაცემთა განახლებას, რის შესახებაც ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. 



<< უკან
02.11.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted