EN
GE
არჩევნების დღის საბოლოო შედეგები „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1300-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება, მათ შორისაა 80 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები გადანაწილებული არიან როგორც საუბნო, ისე საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში. 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე. 10 წელზე მეტია „სამართლიანი არჩევნები“ წარმატებით იყენებს PVT მეთოდოლოგიას. 15 ივნისის არჩევნები რიგით მერვეა, როდესაც ორგანიზაცია იყენებს PVT მეთოდოლოგიას საარჩევნო დღის პროცესის შეფასებისა და არჩევნების შედეგების პროგნოზირებისთვის. 

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა:

  • ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 300 საარჩევნო უბანზე;
  • თბილისში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ 349 საარჩევნო უბანზე; 
  • 11 თვითმმართველ ქალაქში (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, ფოთი, თელავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი) არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი აირჩევს 71 ადგილობრივი საკრებულოს 2,088 წევრს. ამასთან, 12 თვითმმართველი ქალაქი აირჩევს ქალაქის მერს, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტები - 59 გამგებელს. ეს პირველი არჩევნებია, რომლის დროსაც (თბილისის გარდა) ქალაქის მერების და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.

ძირითადი  დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არჩევნების დღის პროცესი უმეტესწილად ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნის, კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ჩატარდა. დარღვევების უმეტესობა, ისევე როგორც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ძირითადად,  პროცედურული ხასიათისაა და  წინა არჩევნებთან შედარებით არის შემცირებული. საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების მიუხედავად, რამდენიმე საარჩევნო უბანზე  დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობისა და მასალების დაზიანებისა და გატაცების შემთხვევები, რასაც ადგილი საერთოდ არ ქონია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 100%-ისგან. 

არჩევნების დღის შედეგები მერის არჩევნებისთვის

თბილისი (PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 100%-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით)



<< უკან
16.06.2014


Print
All rights reserved & Design is copyrighted