EN
GE
ხელისუფლებაში მყოფი პარტიების პოზიცია საარჩევნო სისტემაზე - არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ
ISFED's blog
 
უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში1, დარღვეულია ხმის თანაბარი წონის პრინციპი2  და მაღალია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა3

შესაბამისად, 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ, ხანგრძლივი დისკუსიებისა და საჯარო განხილვების შემდეგ, 2015 წლის 2 ივნისის მიმართვით, ერთხმად მოუწოდეს კანონმდებელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისაკენ4.  შეთავაზებული წინადადება 75 დეპუტატის ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 დეპუტატის სამხარეო პროპორციული სისტემით არჩევას ითვალისწინებს. სამხარეო პროპორციული სისტემის შემთხვევაში, უნდა შეიქმნას მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები და თითოეულ ოლქში მანდატების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად უნდა განისაზღვროს. ამ პირობებში, უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში, ასევე, გარანტირებული იქნება ხმის წონის თანაბრობის პრინციპი, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დაკარგული ხმების რაოდენობა და გაჩნდება შესაძლებლობა ჩამოყალიბდეს რეალურად მრავალპარტიული საკანონმდებლო ორგანო. 

რეფორმის აუცილებლობას მმართველი კოალიციის პოზიციაც ადასტურებს, რომელიც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წლისთვის გვთავაზობს, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, სრულიად საკმარისი დროა დარჩენილი იმისათვის რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შეძლოს. 

აღსანიშნავია, რომ დღეს არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის შემოთავაზებას, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, კოალიციაში შემავალი პარტიები 2010-2012 წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდნენ მხარს. კერძოდ, „ეროვნული ფორუმი“, „კონსერვატორები“ და „რესპუბლიკელები“ იმ ე.წ. „ოპოზიციური რვიანის“ წევრები იყვნენ, რომლის ფარგლებშიც რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია5  სწორედ იმ მოდელს სთავაზობდა ხელისუფლებაში მყოფ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რის მიღებაზეც დღეს უარს აცხადებენ6. ამ ჯგუფის მუშაობაში, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით, ასევე ჩართული იყო დღევანდელი კოალიციის კიდევ ერთი პარტია - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. „ოპოზიციური რვიანის“ შემოთავაზებით, 150 დეპუტატიდან 75 წევრი უნდა არჩეულიყო ერთიანი პროპორციული სისტემით, ხოლო 75 - რეგიონულ-პროპორციული სისტემით. ორივე სისტემისთვის ბარიერი 5% უნდა ყოფილიყო, ხოლო ერთმანდატიანი  ოლქების ნაცვლად რეგიონში მანდატების რაოდენობა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით უნდა დადგენილიყო. აღნიშნული წინადადება ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა 2010 წლის 4 ოქტომბრის კონფერენციაზე გააჟღერეს.

თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ, მაშინდელ მმართველ პარტიასთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, გამართული არაერთი სამუშაო შეხვედრის შედეგად, რომელიც სისტემის ცვლილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, „ოპოზიციური რვიანი“ ახალი წინადადებით გამოვიდა. ახალი წინადადება საარჩევნო სისტემის ორ ალტერნატიულ მოდელს მოიცავდა: პირველი მოდელის თანახმად, 150 წევრიანი პარლამენტის 75 წევრი ერთმანდატიან მაჟრიტარულ ოლქებში უნდა არჩეულიყო, თუმცა ერთი პირობით: პარტია მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე იმაზე მეტ ადგილს ვერ აიღებდა პარლამენტში, რაც მის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ხმებს აღემატებოდა. მაჟრიტარის გამარჯვებისთვის ბარიერი 30%-დან 50%-მდე უნდა გაზრდილიყო. პარლამენტის მეორე ნახევარი კი პროპორციული სიით დაკომპლექტდებოდა. ამ შემოთავაზების თანახმად, პროპორციულ არჩევნებში მიღებულ ხმების პროცენტულობას უნდა განესაზღვრა პარტიის როგორც მაჟორიტარული, ასევე პარტიული მანდატების ერთობლივი რაოდენობა7.  საარჩევნო სისტემის მეორე მოდელის თანახმად, პარლამენტის 2/3 პროპორციული სისტემით უნდა არჩეულიყო, ხოლო 1/3 - ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ოლქებში 50%-იანი ბარიერით. შესაბამისად, უნდა მომხდარიყო მაჟორიტარული ოლქების ახალი საზღვრების დადგენა8

თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციის გამო, რომელიც მაშინ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ემხრობოდა, საარჩევნო სისტემა არ შეცვლილა.

დღევანდელ შეთავაზებას უკვე მხარს უჭერს და პარლამენტისადმი მიმართვას უერთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ოთხი პარტია - „ეროვნული ფორუმი“, „კონსერვატორები“, „რესპუბლიკელები“ და „მრეწველები“, რომლებიც აქტიურად მოითხოვდნენ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას 2012 წლამდე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას ემხრობიან. 

ცხადია, რომ არსებული საარჩევნო სისტემა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, თუმცა, იმედს გამოვთქვამთ, რომ რეალურად კონკურენტუნარიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს არსებობა, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დადგება. 
 



1. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ხმების 59% მიიღო, თუმცა მაჟორიტარული არჩევნების ხარჯზე მანდატების 80% მოიპოვა. 
2. 6000 ამომრჩეველი ყაზბეგში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს, ასევე ერთ მაჟორიტარს ირჩევს 163 000 ამომრჩეველზე მეტი ქუთაისში, მაშინ როდესაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რიცხობრივი სხვაობის ზედა ზღვარი 15% უნდა იყოს. 
3. მაგალითად, შესაძლებელია მანდატი მოიპოვის კანდიდატმა, რომელსაც ამომრჩეველთა 31% უჭერს მხარს, მაშინ როდესაც იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებსაც აღნიშნული კანდიდატის გამარჯვება არ სურთ, თეორიულად შესაძლებელია 69% იყოს. 
4. http://www.isfed.ge/main/904/geo/
5. ე.წ „ოპოზიციურ რვიანში” გაერთიანებული იყო შემდეგი პოლიტიკური პარტიები: ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები, რესპუბლიკელები, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია. 
6. http://www.civil.ge/geo/article.php?id=23210
7.თუ დადგებოდა ისეთი შედეგი, რომ პარტია მაჟორიტარების ხარჯზე იმაზე მეტ მანდატს მოიპოვებდა პარლამენტში, ვიდრე ის იმსახურებდა პროპორციული არჩევნების შედეგად, მას უნდა ჩამოკლებოდა ის მანდატები, რომელიც მან პროპორციული არჩევნების გზით მოიპოვა.  
 8. http://www.civil.ge/geo/article.php?id=23860



<< უკან
29.06.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted