EN
GE
„სამართლიანი არჩევნები“ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემის რეფორმას არასაკმარისად მიიჩნევს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეხმაურება კოალიცია „ქართული ოცნების“ განცხადებას საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული წინადადება ვერ გადაჭრის იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, რასაც არსებული სისტემა ქმნის და ვერ უზრუნველყოფს რეალურად სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და ვაცხადებთ, რომ შერეული (მაჟორიტარული და პროპორციული) საარჩევნო სისტემის პირობებში არ ხდება ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვა საპარლამენტო მანდატებში,  რითიც ირღვევა სამართლიანი არჩევნების პრინციპები.

არსებული პრობლემების გადასაჭრელად და რეალური რეფორმის გასატარებლად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კონკრეტული წინადადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს ფართომასშტაბიანი კონსესუსი მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებისა და რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების შესახებ. სამწუხაროა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ამ რეფორმას უპირისპირდება ხელისუფლებაა, თუმცა ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2020 წლიდან მიიჩნევს შესაძლებლად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ რეფორმის აუცილებლობას.

ვერ გავიზიარებთ ხელისფლების არგუმენტს, რომლის თანახმადაც ძირეული რეფორმის განხორციელება არჩევნებამდე ვერ მოესწრება. უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო სექტორი, საექსპერტო წრეები და პოლიტიკური პარტიები ორ წელიწადზე მეტია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილების კონკრეტულ მოდელს სთავაზობენ. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ საარჩევნო კოდექსის რეფორმა,  თუნდაც 2015 წლის საშემოდგომო სესიაზე ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, სრულიად შესაძლებელია და ამას მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება ესაჭიროება.

კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოთავაზებული რეფორმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია. თუმცა მაჟორიტარული ოლქების საზღვრების გადახედვა და მათ შორის თანასწორობის დაცვა პარლამენტს ისედაც დაევალა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ვერც აღნიშნული ცვლილება და ვერც მაჟორიტარული არჩევნებისთვის შემოთავაზებული 50%-იანი ბარიერი ვერ უზრუნველყოფს ძირეული რეფორმის გატარებას და ქვეყანაში რეალურად სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებას.  

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და საპარლამეტო უმრავლესობას, გამოიყენოს ყველა რესურსი და არ გადადოს საარჩევნო კოდექსის რეფორმა, რომელიც სამართლიანობის დამკვიდრებისა და ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების აუცილებელი პირობაა.

 


<< უკან
02.09.2015


Print
All rights reserved & Design is copyrighted