ბლოგი

ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა და საქართველოს ინტერესები

ISFED

2018 წლის პირველ იანვარს ევროკავშირის ისტორიაში პირველად ბულგარეთი გაერთიანების საბჭოს პრეზიდენტი გახდა. რაც ნიშნავს, რომ ექვსი თვის განმავლობაში სწორედ ბულგარეთი წარმართავს ევროკავშირის სამუშაო დღის წესრიგს. ბულგარეთმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ესტონეთისგან გადაიბარა. გარდა მონაცვლეობითი, ექვსთვიანი საპრეზიდენტო ვადისა, სამი რიგით მომდევნო პრეზიდენტი ქვეყანა (ე.წ. „ტრიო“) ადგენს გრძელვადიან, კერძოდ, თვრამეტი თვის პროგრამას, რომლის საფუძველზეც ამ სამიდან თითოეული ამზადებს უფრო დეტალურ, (ექვსი თვის) დღის წესრიგს. ამჟამად ასეთ ტრიოს წარმოადგენს ესტონეთი, ბულგარეთი და ავსტრია. მიმდინარე წლის პირველი ნახევრისთვის ბულგარეთმა შემდეგი პრიორიტეტები დაასახელა: ევროკავშირის მომავალი და ახალგაზრდები, დასავლეთ ბალკანეთი, უსაფრთხოება და სტაბილურობა, ციფრული ეკონომიკა.  

ბულგარეთი ევროკავშირში 2007 წელს გაწევრიანდა, თუმცა, ის ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის შენგენის სივრცისა და ევროზონის წევრი. გაწევრიანების დღიდან ბულგარეთს სხვადასხვა საშინაო გამოწვევებთან უწევს გამკლავება. მათ შორის კორუფცია ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი პრობლემაა. 2007 წელს ევროკავშირმა დააფუძნა თანამშრომლობისა და შემოწმების მექანიზმი (The Cooperation and Verification Mechanism), რომელიც ბულგარეთის მიერ სასამართლო რეფორმისა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართული აქტივობების მონიტორინგს ისახავს მიზნად. ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად მთავრობის ძალისხმევისა, ბულგარეთს კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს კორუფციის თვალსაზრისით. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის ინდექსის 2016 წლის მონაცემებით ბულგარეთი 75-ე ადგილს იკავებს. საშინაო გამოწვევების მიუხედავად, ამ ექვსი თვის განმავლობაში ბულგარეთს ისტორიული შესაძლებლობა ეძლევა განამტკიცოს თავის როლი ევროკავშირის როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკაში. 

ბულგარეთს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდში ერგო. გარდა საკუთარი, შიდა სახელმწიფოებრივი გამოწვევებისა, ბულგარეთს მოუწევს გაუმკლავდეს ევროკავშირის როგორც საშინაო, ისე საგარეო გამოწვევებსაც, რაზეც პირდაპირაა დამოკიდებული გაერთიანების მომავალი. მათ შორის „ბრექსიტის“ მოლაპარაკებები, პოპულიზმის აღმავლობა, რუსეთისგან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეები და სხვა გამოწვევები, ბულგარეთის მიზანს - მათი საპრეზიდენტო ვადა გამორჩეული იყოს - ართულებს. 

გასაკვირი არ არის რომ ბულგარეთმა ევროკავშირის საგარეო მიმართულებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დაასახელა პრიორიტეტად. ბულგარეთის სტრატეგიული მიზანია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ბულგარეთის, როგორც რეგიონალური ლიდერის როლის გაძლიერებასაც. ბულგარეთის მიერ წარმოდგენილ პროგრამაში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის დღის წესრიგს წარმოადგენს, ევროკავშირში გაწევრიანება დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტადაა დასახელებული. 

ევროკავშირის სამომავლო გაფართოება სწორედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებით იგეგმება. 6 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა სტრატეგია, რომელიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივებს განიხილავს. სტრატეგიაში ევროკავშირის მომდევნო გაფართოების შესაძლო თარიღად 2025 წელი, ხოლო დასავლეთ ბალკანეთის რეგიონიდან გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მოწინავე ქვეყნებად - მონტენეგრო და სერბეთია დასახელებული. რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, სტრატეგია ხაზს უსვამს რომ ამჟამად ამ ქვეყნებისთვის ღიაა ისტორიული „შესაძლებლობის ფანჯარა“, რომლის საშუალებითაც მათ შანსი აქვთ თავიანთი მომავალი საბოლოოდ დაუკავშირონ ევროკავშირს. თუმცა, ასევე აღნიშნულია რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების მიერ რეფორმების სწორად და თანმიმდევრულად გატარება იქნება აუცილებელი წინაპირობა გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებისთვის. ევროკომისია მზადაა მოამზადოს რეკომენდაციები რათა დაიწყოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ალბანეთთან და მაკედონიასთანაც. ასევე აღნიშნულია, რომ რეფორმების სწორად გატარების შემთხვევაში, ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვს შესაძლებლობა გახდეს კანდიდატი ქვეყანა. რაც შეეხება კოსოვოს, აღნიშნულია რომ სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, მას შეეძლება წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს, სოფიაში იგეგმება ევროკავშირის სახელმწიფოებისა და დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ერთობლივი სამიტი, რომელიც სწორედ გაფართოების თემას მიეძღვნება. სამიტის ძირითადი მიზანი კანდიდატი ქვეყნებისთვის ინდივიდუალური სტრატეგიების შემუშავება იქნება, რომელიც მათ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაეხმარება.  

გაფართოების საკითხის გააქტიურება პოზიტიური მნიშვნელობისაა საქართველოსთვისაც. 2013 წელს გაერთიანებაში ხორვატიის მიღების შემდეგ ევროკავშირი გაფართოების საკითხზე საკმაოდ ფრთხილად მსჯელობდა. თუმცა, მომავალ წევრებზე საუბრისას თითქმის ყოველთვის ხაზგასმული იყო რომ გაფართოება სწორედ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის მიმართებით მოხდებოდა, მაგრამ თარიღი არ კონკრეტდებოდა. შესაბამისად, ევროკავშირის მიერ გაფართოების თარიღის განსაზღვრა კარგი სიახლეა არამარტო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის, არამედ საქართველოსთვისაც, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი დიდი ხანია გაცხადებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროკავშირის ყურადღება დასავლეთ ბალკანეთისკენაა მიმართული, საქართველოს შეუძლია დაიწყოს ერთგვარი საფუძველის მომზადება, გაერთიანებაში სამომავლოდ გაწევრიანებაზე რიტორიკის გააქტიურებით.

საქართველოსთვის ბულგარეთის პრეზიდენტობა მნიშვნელოვანია რეგიონული თვალსაზრისითაც. კერძოდ, ბულგარეთის საპრეზიდენტო პროგრამა აქცენტს აკეთებს შავი ზღვის რეგიონის პოტენციალზე, რომლის ეფექტურად გამოყენება მნიშვნელოვანია ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის. კერძოდ, ბულგარეთი აპირებს იმუშაოს რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისა და სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ საქართველომ გამოიყენოს ბულგარეთის ბუნებრივი ინტერესი შავი ზღვის რეგიონისადმი და მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში აქტიურად ჩაერთოს ზემოთხსენებული მიმართულებებით თანამშრომლობის ინიციატივებში. 

ევროპული სამეზობლო ინარჩუნებს ადგილს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის პრიორიტეტთა სიაში. თუმცა ეს მიმართულება ისეთივე მნიშვნელობით არ სარგებლობს როგორიც - დასავლეთ ბალკანეთი. ბულგარეთის საპრეზიდენტო პროგრამაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით ხაზგასმულია, რომ ევროკავშირისა და პარტნიორების თანამშრომლობა მათ ამბიციებსა და ასევე, მათ მიერ განხორციელებული რეფორმების ხარისხზე იქნება დამოკიდებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეფორმებს ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა და ვაჭრობა, კავშირგაბმულობა, განათლება და კვლევა, ასევე, ადამიანთა შორის კონტაქტები. მხარეთა შორის თანამშრომლობა გაგრძელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე სამიტზე მიღებული დოკუმენტით, „20 შედეგი 2020 წლისათვის“, განსაზღვრული ე.წ. საგზაო რუკით.  

ბულგარეთის პრეზიდენტობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ ასევე ციფრული ეკონომიკა დასახელდა. ამ მხრივ აღმოსავლეთ პარტნიორებსა და ევროკავშირს შორის მნიშნვნელოვანი თანამშრომლობა უკვე დაწყებულია. შესაბამისად, აუცილებელია რომ საქართველომ აქტიურად გამოიყენოს ეს შანსი და გააძლიეროს ევროკავშირთან, როგორც ორმხრივი, ისე, მრავალმხრივი თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, ევროპულ ციფრულ ბაზართან ჰარმონიზების თვალსაზრისით.  

ბულგარეთს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის ვადა 2018 წლის 30 ივნისს ეწურება, ხოლო წლის მეორე ნახევრის განმავლობაში პრეზიდენტის ფუნქციას ავსტრია შეითავსებს. თუმცა, მანამდე ბულგარეთი ეცდება რომ თავისი საპრეზიდენტო დევიზი - „ძალა ერთობაშია“ (“United we Stand Strong”) - ევროკავშირის წევრებთან ერთად პრაქტიკაში განახორციელოს.