განცხადებები

დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის

ორგანიზაციები კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვაღიარებთ რა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინასა და საქართველოში ჩაიდინა საერთაშორისო/ომის სამართლით აკრძალული ქმედებები და დღესაც განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, მოვითხოვთ, დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში რუსი ვიზიტორების შემოსვლის ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში, 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე 7-ჯერ მეტია. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსული ექსპორტი, ხოლო რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის მასობრივი შემოდინება ცხადად მიუთითებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებს, თავისუფლად შეუძლიათ, ოკუპირებული საქართველოს გამოყენებით, თავი დააღწიონ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას.

მიგვაჩნია რომ, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი  და რუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომა – საკუთარი მოქალაქეების ე.წ. დაცვის საბაბით, უცხო ქვეყანაში ინტერვენციასთან დაკავშირებით – საკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად.

საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაშვება ნებისმიერი ქვეყნის ფართო დისკრეციას მოიაზრებს. ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას უფლება აქვს,  გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთეებით სარგებლობის უფლება.  გარდა ამისა,  აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს, შეეზღუდოთ გარკვეული უფლებებით სარგებლობა, რაც თავსებადია ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან.

აქვე მივუთითებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღება აღიარებული და დარეგულირებულია საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენება ხდება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. შესაბამისად, აღნიშნული წესები ვერ იქნება სავიზო რეჟიმის დაწესების  საწინააღმდეგოდ გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი.*

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • მედიაომბუცმენი
  • სირცხვილია
  • საქართველოს პენცენტრი
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამართლიანი არჩევნები
  • თანასწორობის მოძრაობა
  • უფლებები საქართველო
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG  
  • ევროპის ფონდი
  • ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო
  • ობსერვატორია
  • საფარი
  • დემოკრატიის მცველები
  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  • საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  • მწვანე ალტერნატივა
  • დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  • პლატფორმა “გამზირი”
  • ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისის ჯორჯია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • SEED საქართველო
  • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • არჩილ ჩოფიკაშვილი- სამართლის მაგისტრი, საერთო და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მენტორი ადვოკატი, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” დამფუძნებელი წევრი,  ა(ა)იპ ,,უფლებები საქართველოს” (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) იურისტი.