პრესრელიზები

სამართლიანმა არჩევნებმა სოციალური მედიის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა

26 ოქტომბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში სოციალური მედიის მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
 
„სამართლიანი არჩევნები“ პირველი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც საარჩევნო ჭრილში სოციალური მედიის მეთოდური წინასაარჩევნო მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგი დაიწყო 29 აგვისტოს. საქართველოში სოციალური მედიის პლატფორმებს შორის განსაკუთრებული პოპულარობის გათვალისწინებით, ISFED მიმდინარე ეტაპზე მხოლოდ Facebook-ში საარჩევნო კონტექსტში აქტივობას დააკვირდა.
 
შუალედურ ანგარიშში „სამართლიანი არჩევნების“ შესწავლის საგანია შემდეგი ოთხი მიმართულება:
  1. საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიებისა და კამპანიის ოფიციალური გვერდების აქტივობა და მათი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
  2. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეების მიერ „ფეისბუქზე“ აგიტაცია.
  3. ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ა/რ ორგანოების ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდების მონიტორინგი.
  4. ძირითადად დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი „ფეისბუქ“ გვერდების აქტივობა, მათი მოქმედების ტაქტიკა და ძირითადი მესიჯები. 
 
29 აგვისტოდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატების, მათი წარმდგენი/მხარდამჭერი პარტიებისა და კამპანიის 19 ოფიციალური Facebook გვერდის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ისინი ძირითადად საკუთარი პროგრამების რეკლამირებით, კონკურენტების კრიტიკით და საარჩევნო დაპირებების გამოქვეყნებით შემოიფარგლებოდა. ცალკეული კანდიდატების (შალვა ნათელაშვილი და კახა კუკავა) Facebook გვერდებზე შეინიშნებოდა ქსენოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა.
 
განსაკუთრებით თვალშისაცემია ძირითადად ანონიმურად მოქმედი Facebook გვერდების აქტივობა, რომლებიც კონკრეტული კანდიდატების, პოლიტიკურად აქტიური პირების და მიმდინარე პოლიტიკური თუ სამართლებრივი პროცესების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებენ. აღნიშნულ გვერდებს მოქმედების ჩამოყალიბებული და ორგანიზებული სტრატეგია გააჩნიათ, რომელიც ორიენტირებულია პროპაგანდისტული მეთოდებით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.
 
წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვადასხვა კანდიდატების, მათი წარმდგენი/მხარდამჭერი პარტიების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი გვერდების რაოდენობა და მათი აქტივობა. გვერდების დიდი ნაწილის დასახელება შეიცავს ნეგატიურ და უხამს გამონათქვამებს, ამასთან თვალშისაცემია გამოქვეყნებული პოსტების უხამსი, ცინიკური და სიძულვილის ენის შემცველი ტერმინოლოგია. ამგვარი პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებულია, რაც საარჩევნო კამპანიაში უკანონო კონტრიბუციას წარმოადგენს.
 
„სამართლიანმა არჩევნებმა“ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოქმედი 26 მადისკრედიტირებელი გვერდი აღმოაჩინა. მათი დიდი ნაწილი შექმნილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში და მათი მთავარი სამიზნე ამ დრომდე ძირითადად ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემდეგ, დისკრედიტაციის მთავარი ობიექტი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი Facebook გვერდების თითქმის ნახევარი უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა.
 
გრიგოლ ვაშაძის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებს 27 გვერდი, რომელთა ორი მესამედი შექმნილია უშუალოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. რამდენიმე გვერდი, შეიქმნა უფრო ადრე და მათი შექმნის თარიღი უკავშირდება 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს. გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების მიზანს ასევე წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დისკრედიტაცია.
 
როგორც გრიგოლ ვაშაძის, ასევე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მოქმედი გვერდები ორივე კანდიდატს რუსეთის ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს.
 
დავით ბაქრაძისა და „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ 7 გვერდი მოქმედებს. მათი გზავნილები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. გვერდების ერთი ნაწილი მას მოიხსენიებს როგორც ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ ძალას, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს კანდიდატი წარმოადგინოს, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. ზურაბ ჯაფარიძის და დავით უსუფაშვილის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი გვერდების პოსტები შეიცავენ ანტი ლიბერალურ, ქსენოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ ფრაზეოლოგიას, რაც ამ კანდიდატების პოლიტიკური იდეოლოგიების წინააღმდეგაა მიმართული.
 
მადისკრედიტირებელი გვერდების დიდი ნაწილი, საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაციის გარდა, მიზნად ისახავს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, სამოქალაქო აქტივისტების და აზრის ლიდერების დისკრედიტაციას. წინასაარჩევნო პერიოდში ინტენსიური ტენდენციის სახე მიიღო ანონიმურ Facebook გვერდებზე არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კამპანიამ, რომელიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელებზე ვერბალურ თავდასხმების შემდეგ გააქტიურდა. ხელისუფლების აგრესიული რიტორიკის კვალდაკვალ, გააქტიურდნენ მადისკრედიტირებელი გვერდები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების შესახებ უხამსი, დამცინავი და საქმიანობის მადისკრედიტირებელი პოსტები გაავრცელეს და დაასპონსორეს. მადისკრედირირებელი გვერდების მიერ გამოქვეყნებული ფოტო-და ვიდეო მასალა ცხადყოფს, რომ გამოყენებულია ერთგვაროვანი მულტიმედიური ტექნოლოგიები, რაც მიუთითებს, რომ მათი შექმნის წყარო ერთი ორგანიზებული ჯგუფი შეიძლება იყოს.
 
„სამართლიანი არჩევნები“ მონიტორინგს უწევდა მუნიციპალიტეტებისა და აჭარის ა/რ ორგანოების 98 ოფიციალური Facebook გვერდს. ამ გვერდებზე წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია, რაც მისასალმებელია. გამონაკლისს წარმოადგენდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის და თბილისის მერიის გვერდები, სადაც სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა გამოქვეყნდა.
 
დაკვირვების საგანი იყო ასევე ყველა მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობების სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი 664 საჯარო მოხელის აქტივობა Facebook-ის პირად გვერდებზე. სოციალურ ქსელებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლო აგიტაციაში აქტიურად მონაწილეობენ. 29 აგვისტოდან 4 ოქტომბრამდე მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა 29 მუნიციპალიტეტი, რომლებშიც დასაქმებული 42 საჯარო მოხელე კამპანიაში სამუშაო საათების დროს მონაწილეობდა, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს. ხოლო 26 მუნიციპალიტეტის 51 საჯარო მოხელე აგიტაციას არასამუშაო საათებში ეწეოდა. საჯარო მოხელეები წინასაარჩევნო აგიტაციაში 9-10 სექტემბრიდან გააქტიურდნენ, მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილს მხარი დეკლარირებულად დაუჭირა. საჯარო მოხელეების „ფეისბუქ“ გვერდებზე მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სააგიტაციო პოსტების გაზიარება მიმართული იყო მხოლოდ ერთი კანდიდატის -სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერისკენ. საგულისხმოა აგრეთვე, რომ იმავე პერიოდიდან გახშირდა საჯარო მოხელეების მიერ ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტობის კანდიდატების წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი პოსტების გაზიარება.
 
სოციალური მედიის მონიტორინგის საპილოტე პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. „სამართლიანი არჩევნები“ აგრძელებს სოციალური მედიის მონიტორინგს საარჩევნო ჭრილში და მომდევნო ანგარიშებს არჩევნების შემდგომ წარმოადგენს.
 
ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ბმულზე