ანგარიშები

უფლებამოსილების ვადის გასვლა, როგორც სკოლის დირექტორთა დასჯის მექანიზმი

ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებების პოლიტიზება საქართველოში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ხშირად ხდება საჯარო სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის იძულება და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენება. აღნიშნულმა პრობლემამ განსაკუთრებით 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას იჩინა თავი. „სამართლიანი არჩევნების“ მიხედვით, 2018 წელს, აქტიურად ხდებოდა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციის გაწევის და მისთვის არჩევნებზე ხმის მიცემის იძულება. ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებოდა საჯარო სკოლებში განხორციელებული დაუგეგმავი ინსპექტირებებიც. ერთ-ერთ ასეთ ფაქტს - ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის ჩატარებულ არაგეგმიურ ინსპექტირებას - საბოლოოდ, სკოლის დირექტორის გარდაცვალება მოჰყვა.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებზე ზეწოლა 2020 წლის არჩევნებზეც თვალსაჩინო იყო. თუმცა, ამჯერად, პოლიტიკური მიზნებით ინსპექტირების ნაცვლად, „არასასურველი“ დირექტორების მიმართ სადამსჯელო მექანიზმად უფლებამოსილების ვადის ამოწურვა მოგვევლინა; 2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, რამდენიმე დირექტორს, რომელთაც უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადა დაუმთავრდათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ხელშეკრულება არ გაუგრძელა, მაშინ როცა ზოგიერთი დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრაქტიკა არათანმიმდევრულია და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ნიშნებს შეიცავს. წინამდებარე ანგარიში სწორედ ამ საკითხს მიმოიხილავს. ანგარიშის მიზანია ნათელი მოფინოს 2020 წელს საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ მოვალეობის შესრულების დაკისრების პრაქტიკას. ანგარიში ასევე მიმოიხილავს დირექტორების სასერტიფიკაციო გამოცდებისა და შესარჩევი კონკურსის გადადების ნეგატიურ გავლენას საარჩევნო პროცესებზე.

 

დოკუმენტის ახალ ფანჯარაში გასახსნელად და გადმოსაწერად დააკლიკეთ აქ