ბლოგი

ადმინისტრაციული რესურსი: 14 მილიონამდე ლარი წინასაარჩევნოდ აჭარაში

ISFED-ის ბლოგი
 
იყენებს თუ არა აჭარის უმღლესი საბჭო ადმინისტრაციულ რესურსს საარჩევნო მიზნებისთვის და არის თუ არა აჭარის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები ამ მიზნის ნაწილი? 

საუბარია 13 მილიონ 555 ათას 400 ლარზე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება.

ბიუჯეტში შეტანილი 24 ივლისის ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, რომ გადაწყვეტილება არ არღვევს საარჩევნო კოდექსს, თუმცა სწორედ ამ ცვლილებებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციები დაარღვია. გარდა ამისა, ბიუჯეტის ახალი გადანაწილებით გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. 


რა ცვლილებები განხორციელდა აჭარის ბიუჯეტში


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ 24 ივლისის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 11 ხმით დაამტკიცა.

კანონპროექტის მიხედვით, ბიუჯეტი გაიზარდა 14 მილიონ 722 ათას 700  ლარით, საიდანაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი განკუთვნილია ინფრასტრუქტურული და სოციალრი პროექტებისთვის. კერძოდ. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, ადლიის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობისათვის, 5 მილიონი ლარი გამოეყოფა. ამავე ფონდიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდება და დასრულდება გოდერძის უღელტეხილზე სამთო კურორტის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი. 

ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებებშიც - საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპის ამოქმედების შედეგად გამოთავისუფლებული თანხები, კერძოდ 555 ათას 400 ლარი,  მოსახლეობისთვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარებისა და ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის მიმართულებით გაიხარჯება. 

რატომ დაიღვა კანონი?

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ, აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულვებელყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აკრძალულია იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული არ იყო ბიუჯეტით, აგრეთვე არაგეგმური ტრანსფერების ინიცირება ან გეგმიური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. გარდა ამისა, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში.

მცდარია კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ტექსტი, რომ  “კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს;“

პირიქით, ეწინააღმდეგება და  არ შეესაბამება სიმართლეს შემდეგ გარემოებათ გამო: 2011 წლის 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი. აგრეთვე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლების ოფისის (OSCE/ODHIR) 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშში, წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას ორგანიზაციები სახელმწიოს მოუწოდებენ, რომ სახელმწიფო ორგანოებმა თავი უნდა შეიკავონ არჩევნების პერიოდში დამატებითი სოციალური პროგრამების დაწყებისგან.” 

კანონპროექტის განხილვისას, საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კატეგორიულად უარყო საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. მისი განმარტებით, შესაბამის კანონში არ არის ჩანაწერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესახებ და ის მხოლოდ სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებზეა გაწერილი. შესაბამისად ამ შემთხვევაზე საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვა არ მოქმედებს. რასაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც დაეთანხმა.   

საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ერთიანობის პრინციპის საფუძველზე დაუშვებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის გამიჯვნა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნებისაგან. მაშინ, როდესაც, საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ბიუჯეტები ხელმძღვანელობენ საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპებით.
წინასაარჩევნო პერიოდში უმაღლესი საბჭოს მიერ   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის განხილვა საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი რეგულაციის მიღმა ცალსახად ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის სულისკვეთებას, 49(3) მუხლის არსს, წინააღმდეგობაში მოდის ეუთოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და მიმართულია სახელმწიფოს მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გამართლებისაკენ. 

მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ მივესალმებით ადგილობრივი თუ სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების არსებობას და განხორციელებას, თუმცა აღნუშნული პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის საარჩევნო მიზნებისათვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.