დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი კამპანიის დისკრედიტაციის მორიგი კოორდინირებული მცდელობა
ექიმ გიორგი ფრანგიშვილთან ერთად, დიუშენის დაავადების სამკურნალო პრეპარატის წინააღმდეგ კამპანიისთვის გამოყენებული იქნა ექიმ გიორგი ფხაკაძის სტატუსიც, რომელიც ასევე აქტიურად გავრცელდა პროპაგანდისტული მედიის გვერდებზე.
პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნე, მედიკამენტებთან ერთად, „დაიცავი ილიაუნის“ წარმომადგენლებიც გახდნენ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და პარტიასთან დაკავშირებულმა ექსპერტებად პოზიციონირებადმა პირებმა ისინი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ კავშირსა და დაავადებული ბავშვებით მანიპულაციაში დაადანაშაულეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფო დიუშენით დაავადებულ ბავშვებს ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფს და მათ საზოგადოების ფინანსური დახმარება არ სჭირდებათ. კამპანიაში ის პირები იყვნენ ჩართული, რომლებიც საზოგადოებისთვის სენსიტიური მსგავსი თემების შესახებ პროპაგანდისტულ გზავნილებს კოორდინირებულად ავრცელებს და ეს ტაქტიკა არაერთხელ არის გამოყენებული.
დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართული იყო ულტრამემარჯვენე პრორუსული მოძრაობა „ქართული მარშის“ ყოფილი წევრი - ლადო სადღობელაშვილიც, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ სტატუსებს აქვეყნებს.
„დაიცავი ილიაუნის“ წევრებს პარტია „ახალის“ მიერ „კურირებული“ უწოდა შაკო კუჭაშვილმა, რომლის ციტატაც პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა, კუჭაშვილის მიერ მართულმა ფეისბუქგვერდმა „უსტარი“ კი პოსტი დაასპონსორა. გვერდმა 2 რეკლამა გამოაქვეყნა სტუდენტური მოძრაობის წევრის, დავით მშვენიერაძის, დისკრედიტაციის მიზნით.
24 მაისს „დაიცავი ილიაუნის“ დისკრედიტაციის კამპანია პროპაგანდისტული „იმედის“ ეთერში გაგრძელდა. გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ, საკუთარ მონოლოგში საქველმოქმედო მარათონს მძიმე საყურებელი უწოდა: „ყურება იმისა, თუ როგორ სპეკულირებენ კონკრეტული ჯგუფები ბავშვების დიაგნოზით მათი შიშებისა და დაბნეულობის გამოყენებით, უმძიმესია. მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ ქმედება, ეს არის უკიდურესი უპასუხისმგებლობა, მშობლების დაცინვა და პაციენტებზე ფსიქოლოგიური ტერორიც კი. როდესაც ყველანაირი მორალური წინააღმდეგობის გარეშე სხვისი ტკივილით, პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობ, იქ მთავრდება ყველაფერი ადამიანური.”
აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული აქტორების მტკიცების მიუხედავად, თითქოს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პირებს ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფს, მშობლები განსხვავებულ რეალობაზე საუბრობენ. „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 21 წლის ბექა შონია ყვებოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უარის შემდეგ, მის ოჯახს მოუწია საერთო საცხოვრებელში ოთახის გაყიდვა, რათა მისთვის სასუნთქი აპარატი შეეძინა. ის 5 წელი ვერც სახლიდან გასვლას ახერხებდა, რადგან კორპუსი არ არის ადაპტირებული.