ბლოგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და ანტიდასავლური გზავნილები 12-25 იანვარი

აᲨშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, საწინააღმდეგო გზავნილები მოსკოვთან პირდაპირი ფრენების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო 

20 იანვარს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან. 

პროსახელისუფლებო ექსპერტებმა აღნიშნული განცხადების შემდეგ კელი დეგნანის საწინააღმდეგო გზავნილები გაავრცელეს. ისინი აღნიშნავდნენ, რომ აშშ-ის ელჩმა ქართველი ხალხის სახელით არ უნდა ისაუბროს. ამასთანავე, მათი განცხადებით, დეოკუპაცია და ფრენების აღდგენა ერთმანეთს არ გამორიცხავს და მსგავსი არჩევანის დაყენება კეთილსინდისიერი საქციელი არ არის. მსგავი გზავნილები ფეისბუქზე ანონიმურად მოქმედ გვერდებზეც გავრცელდა. 

ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია  

15 იანვარს „ყვარლის ევროკლუბთან“ შეკრებილმა პირებმა ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს. 22 იანვარს კი POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ, ფეისბუქის პირად პროფილზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ლევან ბერძენიშვილს შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართავდა.  პარალელურად, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებსა და პროფილებზე ლევან ბერძენიშვილის მადისკრედიტირებელი კამპანია მიმდინარეობდა. ამ მიზნით, ჟურნალისტის მიერ გადაღებული ვიდეო ზიარდებოდა და ასევე, ბერძენიშვილის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების ნაწყვეტები ვრცელდებოდა. ლევან ბერძენიშვილთან ერთად, დისკრედიტაციის სამიზნე მისი ძმა, დავით ბერძენიშვილიც, გახდა.  

 

 

კახა კალაძის საწინააღმდეგო გზავნილები მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო 

ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე ვრცელდებოდა თბილისის მერის, კახა კალაძის, მადისკრედიტირებელი პოსტები. უშუალოდ გზავნილები კი მის მიერ საანგარიშო კვირის განმავლობაში გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და მერიის მიერ კომპანია გრინსერვის +-თან შესაძლო ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდებოდა. 

 

 

პროსახელისუფლებო პირების მიერ CNN-ის დადანაშაულება  საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის შეტანის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში 

CNN-ის წამყვანმა, ქრისტიან ამანპურმა, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებაზე დაუსვა კითხვა და აღნიშნა, რომ ბოლო ცნობებით, ბევრი აკრძალული საქონელი აღწევს რუსეთში, მათ შორის საქართველოს გავლითაც. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აღნიშნულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ CNN-ის წამყვანის შეკითხვა The New York Times-ში გამოქვეყნებულ „ფეიკ სტატიას“ ეყრდნობა. ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ძალა, რომელსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს. 

პროსახელისუფლებო პირები, დასმული კითხვის გამო, CNN-ს, ნებსით თუ უნებლიედ,  დეზინფორმაციის გავრცელების იმ კამპანიაში ჩართულად წარმოაჩენდნენ, რომლის მიზანიც, თითქოს, საქართველოს რუსეთთან ღია კონფრონტაციაში ჩართვაა. 
„ხალხის ძალის“ წევრის, დავით ქართველიშვილის, განცხადებით კი, ყველა ადგილობრივმა მედიასაშუალებამ, რომელიც სახელმწიფოს დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით დაკავდება, პასუხი უნდა აგოს. 

პროსახელისუფლებო აქტორების განცხადებები გიული ალასანიას სავარაუდო აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით 

11 იანვარს „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა, სავარაუდოდ, გიული ალასანიას საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი. ჩანაწერში ალასანია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „მთავარი ის არის, რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში“. ამასთან, ჩანაწერში ისმის, რომ „რუსებს ბიძინა ივანიშვილი არ უნდათ“. სავარაუდო ფარულ ჩანაწერში გამოთქმულია მოსაზრება ნოდარ მელაძის რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირებზეც. აუდიომასალის მიხედვით, გიული ალასანია ოპოზიციას „პარაზიტებად” და მუდმივად მიხეილ სააკაშვილის ხარჯზე მყოფად მოიხსენიებს.  ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებაში აღნიშნულია, რომ კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც ჩანაწერში ისმის - „არ ვიცი, შეიძლება ისევ თვითონ რუსეთმა არ ჩათვალოს საჭიროდ“ - თავდაყირა აყენებს მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ საკუთარ პროდასავლურ ბიოგრაფიას.  

ჩანაწერის გამოქვეყნებიდან მალევე პროსახელისუფლებო ექსპერტებმა და „ხალხის ძალის“ წევრებმა ერთნაირი გზავნილები გაავრცელეს. კერძოდ, მათი განცხადებით, ჩანაწერი ადასტურებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავადაც არ სჯერა მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის პრორუსულობა. ისინი ეთანხმებოდნენ იმ მოსაზრებას, რომ ნოდარ მელაძეს და „ტვ პირველს“ მასალებს რუსული სპეცსამსახურები აწვდიან, რასაც, მათი თქმით, გიული ალასანიაც ადასტურებს. მეორე მხრივ, პროსახელისუფლებო ექსპერტის, ლევან ნიკოლეიშვილის, განცხადებით, ჩანაწერი დასავლური სპეცსამსახურების კონკრეტულმა ხაზმა გაავრცელა, რათა გააქარწყლოს ეჭვი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი მათ აგენტებს წარმოადგენენ. 

 

 

გიორგი ვაშაძის საწინააღმდეგო გზავნილები რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინის გაქირავების კონტექსტში 

16 იანვარს ტელეკომპანია ,,PALITRANEWS-ის'' ეთერში ირაკლი ზარქუასა და გიორგი ვაშაძეს შორის გამართული მწვავე დისკუსიის შემდგომ, ,,POSTV- ანალიტიკისა'' და ,,POSTV- ახალი ამბების''  ფეისბუქგვერდებზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის საწინააღმდეგო გზავნილები გავრცელდა. იმავე შინაარსის იყო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2-ის" ეთერში გასული სიუჟეტიც, რომელშიც წამყვანი მიუთითებდა რომ პოლიტიკოსი რომლის ძირითადი რიტორიკაც საქართველოში შემოსული რუსების წინააღმდეგაა აწყობილი, ბინას რუსეთის მოქალაქეებზე აქირავებს. აღნიშნულ კონტექსტში მიუთითებდნენ მის არაპრინციპულობასა და პოპულიზმზეც. ვაშაძის საწინააღმდეგო გზავნილები ვრცელდებოდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ფეისბუქგვერდებზეც, გვერდების ნაწილი ერთმანეთს ადარებდა ელენე ხოშტარიასა და ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს. ორივე შემთხვევაში ისინი რუსულ ფულთან მიმართებით ორმაგ სტანდარტზე საუბრობდნენ.

   

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამცინავი პოსტები პარტიის ლიდერების დაპირისპირებაზე მითითებით   

28-29 იანვარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად ოთხი კანდიდატი იყრიდა კენჭს. ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებსა და პროფილებზე ამ პარტიის საწინააღმდეგო პოსტები ვრცელდებოდა, რომლითაც პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე აპელირებდნენ. გამოქვეყნებული პოსტებით პარტიის თავმჯდომარეობის ორი კანდიდატის, ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის, კონფლიქტზე უსვამდნენ ხაზს და მათ მხარდამჭერებსაც ცინიკურად ეხმაურებოდნენ. 

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.