ბლოგი

ფეისბუქზე გავრცელებული დისკრედიტაციული და ანტიდასავლური გზავნილები 25 ნოემბერი - პირველი დეკემბერი

ოპოზიციის და მოქალაქეთა ნაწილის დისკრედიტაცია თბილისის მერიის ახალი საახალწლო სლოგანის მიმართ გამოთქმული პროტესტის გამო

29 ნოემბერს თბილისის მერიაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ 2023 წლის საახალწლო სლოგანი „მშვიდობის ქალაქი" იქნებოდა. წარწერა თავისუფლების მოედანზეც განთავსდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, მოქალაქეთა და ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი კრიტიკით შეხვდა. ამის შემდეგ ფეისბუქზე  ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე იმ პირების საწინააღმდეგო გზავნილები გავრცელდა, რომლებიც საახალწლო სლოგანს აპროტესტებდნენ. დისკრედიტაციის სამიზნე „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძეც, იყო. ანონიმურ გვერდებსა და ფეისბუქგვერზე „POSTV - ანალიტიკა“ გამოქვეყნდა ნაწყვეტი მის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, სადაც მანჯგალაძე ამბობს, რომ „ქოცური და მონური მშვიდობა არ სჭირდება საქართველოს“.

ცრუ მედიის გვერდ „GeoPress-სა“ და „POSTV - ანალიტიკაზე“ გავრცელდა ირაკლი კობახიძის შეფასება „მშვიდობის ქალაქთან" დაკავშირებულ გამოხმაურებებზე, სადაც მან ოპოზიციას საქართველოში არსებული მშვიდობით გაღიზიანებაში დასდო ბრალი.

  

ზურაბ ჭიაბერაშვილის მადისკრედიტირებელი გზავნილები „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის დაანონსების შემდეგ

27 ნოემბერს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს. აღნიშნული განცხადების შემდეგ ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე პოლიტიკოსის მადისკრედიტირებელი პოსტები გამოქვეყნდა. ჭიაბერაშვილის გაშარჟების მიზნით გვერდებზე პოლიტიკოსის ძველი განცხადებებიდან და ეთერებიდან ნაწყვეტები გავრცელდა.

 

პროსახელისუფლებო აქტორების მიერ მონაზონზე ძალადობის საქმეში მედიის ბრალეულობაზე მითითება

26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავა. მოგვიანებით ფაქტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, გამოეხმაურა და მომხდარში მედიის ბრალეულობაც დაინახა. ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ „გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთი საშუალების (,,მთავარი არხი", ,,ტვ პირველი", ,,ფორმულა"), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან... მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს”.

პროსახელისუფლებო აქტორები ეთანხმებოდნენ მოსაზრებას, რომ მედიასაშუალებები ცდილობენ ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტის ნგრევას, რაც მოსახლეობის ქმედებებში აისახება. მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა, სამი, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, მედიასაშუალება, ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ეკლესიის დისკრედიტაციის „აღვირახსნილ კამპანიაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მომხდარი სწორედ „ანტიეკლესიურმა პროპაგანდამ“ წაახალისა.

ჯაღმაიძის განცხადებასა და მის გამოხმაურებებზე პროსახელისუფლებო ექსპერტებმა საერთო გზავნილი გაავრცელეს. ისინი იზიარებდნენ ძალადობრივ საქმეში კონკრეტული მედიასაშუალებების ბრალეულობას, ჯაღმაიძის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას „ფსევდოლიბერალობას“ მიაწერდნენ და მათი მხრიდან მსგავსი აგრესიის საგანგაშო ხასიათზე მიუთითებდნენ.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, საწინააღმდეგო პოსტები ახალი მანქანის შეძენის გამო

27 ნოემბერს გვერდმა „POSTV - ანალიტიკამ“ წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან ახალი მანქანა შეიძინა და თავის სახელზე გადაიფორმა. პოსტის მიხედვით, წალენჯიხის მერმა „წალენჯიხის აღორძინებამდე საკუთარი სურვილების აღდგენა დაიწყო“ და „ავტომანქანაში სოლიდური თანხა გადაიხადა“. მედიასაშუალებამ პოსტი დაასპონსორა. ის მალევე გავრცელდა ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ გვერდებზე.

 

 

ანტიამერიკული გზავნილები: აშშ-ის მიერ დავით კეზერაშვილის მფარველობასა და ბიზნესზე ზეწოლის მცდელობებში დადანაშაულება

29 ნოემბერს „POSTV-ის“ ფეისბუქგვერდებზე გავრცელდა პროსახელისუფლებო ექსპერტის, ზაზა შათირიშვილის განცხადება, რომელშიც მან ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობასა და ამისთვის, „ოპოზიციისთვის მიუღებელ” ბიზნესმენებზე (ირაკლი რუხაძე, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი) თავდასხმაში დაადანაშაულა. ამასთან ერთად, შათირიშვილმა აშშ ბიზნესზე ძალადობის დამკვეთად მოიხსენია. განცხადებაში წერია, რომ „2004-12 წლებში, ბიზნესზე ხელისუფლებაში მოკალათებული ამერიკული აგენტოკრატია ძალადობდა“, ხოლო ახლა „ყველა ამ სუბიექტის - პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებებისა და „ევროპელი ლობისტების“ უკან ამერიკელები დგანან“. აქვე ხაზგასმული იყო, რომ ირაკლი რუხაძის საწინააღმდეგო სიუჟეტი „რადიო თავისუფლებამ“ მოამზადა, რომელიც აშშ-დან ფინანსდება.

მეორე მხრივ, საუბარი იყო დავით კეზერაშვილზე, რომელსაც ფილოსოფოსის მტკიცებით, „ამერიკელები და სრულიად მათი აგენტურა“ იცავს. ამ ფაქტის დასტურად შათირიშვილი აპელირებდა, რომ კეზერაშვილი „ინტერპოლის” წითელი ცირკულარიდანაც მოხსნეს და ევროპაში თავისუფლად სწორედ ამერიკელების მფარველობით გადაადგილდება. მსგავს პათოსს იზიარებდნენ სხვა პროსახელისუფლებო ექსპერტებიც: გია აბაშიძე და გია გაბრიჭიძე, რომელთა მოსაზრებებიც, ასევე, „Pos TV-ის“ ფეისბუქგვერდზე ზიარდებოდა. გია აბაშიძე აშშ-ს დავით კეზერაშვილის მფარველობასა და შერჩევით სამართალში ადანაშაულებდა.

 

 

ყოველკვირეული მიმოხილვის შესახებ

სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „სამართლიანი არჩევნები” ყოველკვირეულ მიმოხილვას წარმოადგენს და აღწერს იმ გზავნილებს, რომლებიც ეხმიანება პოლიტიკურ საკითხებს, კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში (მეტნაკლებად) ვირუსულად
ცირკულირებს და მის გავრცელებაში ერთზე მეტი აქტორი, ანგარიში თუ გვერდია ჩართული. რიგ შემთხვევებში წარმოდგენილია კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალინტერაქციული პოსტები.

 

მონაცემთა დამუშავებისთვის ორგანიზაცია იყენებს ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტ Crowdtangle-ს და ეყრდნობა დისკრედიტაციულ კამპანიებში ჩართული გვერდების/ანგარიშების არსებულ განახლებად ბაზას. გვერდები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე www.disinfoobserver.ge

 

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამა ხორციელდება დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მხარდაჭერით. მოცემული პუბლიკაცია ეკუთვნის მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.