ბლოგი

„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია მიტროპოლიტ იობის წინააღმდეგ

10 ნოემბერს ურბნისის საკათედრო ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგება წარმოთქვა, რომელშიც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მომავალში ქართველმა ხალხმა უკეთესი უნდა აირჩიოს. მან, ასევე, ისაუბრა კორუფციაზე, ახალგაზრდებში ნარკომანიის გავრცელებაზე, აზარტულ თამაშებზე, ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსებაზე დამოკიდებულებასა და 2021 წელს გაჟონილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. დოსიეებზე, რომლებშიც სასულიერო პირების თვალთვალის მასალები იყო გამოქვეყნებული. ქადაგებაში მეუფე იობმა წინა ხელისუფლებაც ახსენა და თქვა, რომ „ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა - გასაგებია, გადაირჩია ერმა.“

ამ განცხადებების შემდეგ მეუფე იობის წინააღმდეგ პარტია „ქართული ოცნების” ლიდერები / წევრები და პარტიის პროპაგანდისტულ ქსელში შემავალმა სუბიექტები გააქტიურდნენ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა მეუფე იობის საწინააღმდეგო კამპანია ფეისბუქზე, როგორ გავრცელდა იდენტური ციტატები ათეულობით გვერდზე რამდენიმე წუთის სხვაობით და როგორ გაზიარდა წლების წინანდელი ვიდეოები ახალი კონტექსტით.თავდაპირველად, მეუფე იობის ქადაგება „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გააკრიტიკეს. დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა მეუფის შეფასებებს უპასუხისმგებლო უწოდა და თქვა, რომ სამწუხაროა, როცა მაღალი რანგის სასულიერო პირი ამბიონს პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს. დეპუტატმა მარიამ ლაშხმა კი ჟურნალისტებს მათი კითხვის საპასუხოდ უპასუხა: „ღმერთმა აპატიოს“.  

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეფასებების პარალელურად, სოციალური მედიის პლატფორმებზე მეუფე იობის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. ტრადიციულად,  კამპანიის ღერძი ე,წ, „ექსპერტების“ ციტატები იყო. ყველა მათგანის ფეისბუქსტატუსი ქარდების სახით გავრცელდა, იდენტური ტექსტით და რამდენიმე წუთის სხვაობით ერთსა და იმავე გვერდებზე. 11 ნოემბერს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტოებმა და ტელევიზიებმა გია აბაშიძის ფეისბუქპოსტიდან იდენტური ციტატა გაავრცელეს. აბაშიძის აზრით, „დასანანი და შემაშფოთებელია, როცა მიტროპოლიტი იობი ამბიონს პოლიტიკური განცხადებების პლატფორმად იყენებს; ამბიონი არ უნდა იქცეს ხელისუფლების შეცვლის მოწოდებების, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკლესიის შიგნით დაპირისპირების ინსტრუმენტად.“

აბაშიძის ციტატის გამოჩენიდან ცამეტი წუთის შემდეგ მეორე ტექსტი გავრცელდა. ამჯერად ავტორი დავით ქართველიშვილი იყო. მისი მტკიცებით, მეუფე იობი არის „მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან“ და რომელიც „ხელს უწყობს სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას“. ციტატის ბოლოს ქართველიშვილი ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდება ქრისტიანული მოტივით არ არის ნაკარნახევი და მეუფეს მიზანი საკუთარი დაუსჯელობისა და უკონტროლო ავტონომიის შენარჩუნებაა.

ეს ბრალდებები ციტატაში რაიმე წყაროს ან კონკრეტული საქმის მითითების გარეშე ჩნდება. მიუხედავად ამისა, ტექსტი რამდენიმე საათში თოთხმეტმა გვერდმა გაავრცელა:

აბაშიძესა და ქართველიშვილს სხვა ცრუ ექსპერტებიც შეუერთდნენ. თამთა მეგრელიშვილი ქადაგებას ამბიონიდან ხელისუფლების შეცვლისკენ პოლიტიკურ მოწოდებად აფასებდა და წერდა, რომ მეუფე ხელისუფლების ჩამნაცვლებლად სააკაშვილსა და მის „სისხლიან რეჟიმს“ განიხილავს. დავით ჩიხელიძის თქმით კი, მეუფემ „ქვეყნის მტრების მხარეს დგომა აირჩია“ და „მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“, მის ეპარქიას კი „კრიმინალების შეფარებას“, „განგსტერულ გარჩევებს“ და „უზარზარ ქონებას“ მიაწერდა. ზაალ ანჯაფარიძემ მეუფე იობი ხელისუფლების „სამშვიდობო პოლიტიკის“ დაკნინებაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ის „ამბიონიდან უბრალოდ ცრუობს“.

პროპაგანდისტული ეკოსისტემის ორგანულ გავრცელებას რეკლამაც დაემატა. Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში სულ მცირე ოცი რეკლამა იძებნება, რომლებიც მეუფე იობის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ფეისბუქგვერდმა Fact • ფაქტი ხელისუფლების მხარდამჭერი ოთხი პირის ციტატა დაარეკლამა: თამთა მეგრელიშვილის, დავით ჩიხელიძის, გია აბაშიძისა და დავით ქართველიშვილის.

მეხუთე რეკლამა ვიდეოა, სათაურით, „სააკაშვილის მაქებარი მეუფე იობი: ვაკმაროთ პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და გათავისუფლდეს“. ვიდეოში მეუფის 2024 წლის ქადაგების ჩანაწერია. მას ახლავს სააკაშვილის მმართველობის დროინდელი არქივის კადრები, სადაც პოლიცია გლდანში ეკლესიას შტურმით იღებს. პოსტში არსად წერია, რომ ჩანაწერი ორი წლის წინანდელია. რეკლამების  ბიბლიოთეკის მიხედვით, ამ ვიდეოს ორი რეკლამა იყენებდა და ისინი 23 საათის განმავლობაში იყო აქტიური.

ქართველიშვილის და აბაშიძის ციტატები დაარეკლამა ფეისბუქგვერდმა „უსტარი“. კამპანიის ფასიანი ნაწილი ძირითადად სწორედ ამ ორ გვერდს ეყრდნობა. ორივე 2026 წელს შეიქმნა და ორივეს უკან დგანან ადამიანები, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ ტელევიზიასთან, „იმედთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებული.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ფაქტჯი“ 2026 წლის 17 ივლისს დარეგისტრირდა. იურიდიული მისამართი ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკშია, ერთპიროვნული დირექტორი კი ჯაბა ხუბუაა, TV „იმედის“ წამყვანი. ეს გვერდი ფეისბუქზე 26 აგვისტოს შეიქმნა.

„სამართლიანი არჩევნების“ კვლევით, გაერთიანებული სამეფოს  სანქციების შემდეგ „იმედისა“ და POSTV-ის მთავარ გვერდებს რეკლამის გაშვება შეეზღუდათ და ეს არხები კონტენტის გაპოპულარებას ახალი გვერდებით შეზღუდვის გვერდის ავლით ცდილობენ . „ფაქტი“, რომლის დირექტორიც სანქცირებული ტელევიზიის წამყვანია, ზუსტად ამ სქემაში ჯდება.

„უსტარის“ მფლობელი შაკო კუჭაშვილია, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქტივისტი და „იმედის“ პროექტის “Fake კონტროლის” ერთ-ერთი წამყვანი. „უსტარის” ვებგვერდი 2026 წლის 15 იანვარს დარეგისტრირდა, ფეისბუქგვერდი კი 21 იანვარს შეიქმნა. რეკლამის დამფინანსებელი შპს „უსტარი ჰაბი“ 2026 წლის 10 თებერვალს დარეგისტრირდა და მისი ერთპიროვნული დირექტორი შალვა კუჭაშვილია.

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ მედიებთან ერთად, მეუფე იობის საწინააღმდეგო პოსტები დაარეკლამა ანონიმურმა ფეისბუქგვერდმა „განულებული ოპოზიცია“. რეკლამების ტექსტებში მეუფე იობი წარმოჩენილია როგორც „ნაცმოძრაობის“ პირადი მამაო და მიხეილ სააკაშვილის მეხოტბე“, ადამიანი, რომელმაც ამბიონი „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციის ტრიბუნად აქცია. ერთ-ერთ ვიზუალზე მეუფის ფოტოს წითელ ზოლზე აწერია: „იცნობდეთ ეკლესიის მტერს, მიხეილ სააკაშვილის მადიდებელ მეუფე იობს!“, ქვემოთ კი სააკაშვილის ფოტოა სასულიერო პირებს შორის. „განულებული ოპოზიციის“ რეკლამებმა გაცილებით მეტ ადამიანამდე მიაღწია, ვიდრე დანარჩენებმა. „განულებული ოპოზიციის“ ყველაზე წარმატებული რეკლამა (25 000–29 999 ჩვენება) მეუფე იობის „დიდძალი ქონების“ სიას აქვეყნებს.

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის 17 ნოემბრის მონაცემებით, მეუფე იობის შესახებ 20 რეკლამა არის, რომელსაც კამპანიის ხუთი გვერდი აფინანსებდა. ყველა 11–14 ნოემბერს იყო აქტიური და თითოეულზე 100 დოლარზე ნაკლები დაიხარჯა. ჯამში რეკლამებმა 77 600–107 180 ნახვა დააგროვა.

თითოეულზე 100 დოლარზე ნაკლები დაიხარჯა. ჯამში რეკლამებმა 77 600–107 180 ნახვა დააგროვა.

გვერდი

რეკლამების რაოდენობა

ნახვები

განულებული ოპოზიცია

6

47 000–60 094

Fact • ფაქტი („შპს ფაქტჯი“)

6

29 000–38 994

უსტარი • Ustari (Ustari Hub)

2

1 100–2 998

ახლა • Akhla (Akhla Online)

3

300–2 997

საერთო გაზეთი

3

200–2 097

ჯამი

20

77 600–107 180

მეოფე იობის ქადაგებიდან ხუთი დღის შემდეგაც თემა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიის დღის წესრიგში რჩებოდა. 15 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ გადაცემა „იმედის კვირაში“ 17-წუთიანი სიუჟეტი გაუშვა სათაურით „პოლიტიკური მანიფესტი ამბიონიდან“. იმავე დღეს გადაცემა „რეალური პოლიტიკის“ ეთერში „ქართული ოცნების” მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მეუფე იობისა და მისი მხარდამჭერი მღვდელმთავრების ქადაგება პოლიტიკურ განცხადებებად შეაფასა. მისი თქმით, მეუფე იობის გამოსვლა „წინასწარ შეთანხმებული“ და „სადღაც დაწერილი“ იყო, ხოლო შეფასება „ურწმუნო ხელისუფლება“ ცილისწამებაა. ხაინდრავამ მღვდელმთავრებს მიმართა, რომ „ანაფორები“ და „ზიზილ-პიპილოები“ იმას არ ნიშნავს, რომ მრევლი ვერ ხვდება, რა ხდება.

კამპანიაში ფეისბუქპროფილებიც იყო ჩართული. „მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გამოვლენილმა ყალბმა ანგარიშმა ქეთევან მიქიაშვილმა რამდენიმე საათის შუალედით ორი საჯარო პოსტი გამოაქვეყნა. პირველში ის მეუფე იობს დაცინვის ტონით მიმართავდა, ახსენებდა პატრიარქის არჩევნებს და წერდა, რომ მეუფე მაშინ „ჭკუით“ იქცეოდა, ახლა კი, როცა პატრიარქად შიო აირჩიეს, „ნიღაბი მოიხსნა“. პოსტს ახლავს ტელევიზიის საარქივო სიუჟეტი წარწერით „სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა“. მეორე პოსტში ის 2019 წლის 25 სექტემბრის ვიდეოს აზიარებდა წარწერით „მეუფე იობი პეტრე ცაავაზე“ და წერდა, რომ ამ ვიდეოდან გასაგები იქნება, რა ამოძრავებს მეუფეს. ეს პოსტები კამპანიის კიდევ ერთ ხაზს ავსებს: მეუფის კრიტიკა წარმოდგენილია როგორც პატრიარქის არჩევნებში დამარცხების შედეგად გაჩენილი პირადი წყენა და არა როგორც მოსაზრება, რომელსაც შეიძლება საფუძველი ჰქონდეს. მოგვიანებით მიქიაშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მეუფე იობის ქადაგება რევოლუციის კიდევ ერთ წარუმატებელ მცდელობად წარმოაჩინა: „ჟურნალისტების“, „ენჯეოშნიკების“ და „აკაცუკების“ რევოლუციების შემდეგ, მისი თქმით, ახლა „მეუფე იობის, პეტრეს და დოროთე ყურაშვილის მოსაწყობი რევოლუციის ჯერი“ მოვიდა.

პირადი შეურაცხყოფა მხოლოდ მიქიაშვილის პოსტებით არ შემოიფარგლა. 11 ნოემბერს „ქართული ოცნების” მხარდამჭერმა და პროპაგანდისტმა ლაშა ნაცვლიშვილმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მიტროპოლიტ იობს შეაგინა. პოსტმა მწვავე რეაქცია გამოიწვია და მას სასულიერო პირებიც გამოეხმაურნენ.

ლაშა ნაცვლიშვილი 2012 წელს „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი იყო. შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და მთავარი პროკურორის მოადგილე გახდა, მოგვიანებით ის „ქართული ოცნების“ კონსულტანტი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე იობის გინების პოსტის გამო ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ  ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 16 ნოემბერს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ნაცვლიშვილი 2 500 ლარით დააჯარიმა. იმავე დღეს, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ნაცვლიშვილს წარსულში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, თუმცა დღეს პარტიასთან კავშირი აღარ აქვს, ხოლო უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადებები მისთვის მიუღებელია. კობახიძის თქმით, ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები იმსჯელებენ. კობახიძემ ისიც თქვა, რომ „საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის“ და „არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში შესვლას“.