ბლოგი

სტრატეგიული სიჩუმე

ISFED BLOG
 
1956 წელს, როდესაც პირველი ქართული ტელევიზია, ახლანდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველად გავიდა ეთერში, მას კონკრეტული დანიშნულება ჰქონდა, ყოფილიყო სსრკ-ს პროპაგანდის იარაღი. ის გაწერილი, წიგნად გამოცემული წესებით მოქმედებდა. მეტიც, სპეციალური თანამდებობაც არსებობდა - მთავლიტის, რომელიც რადიო თუ ტელეეთერში გასულ ნებისმიერ სიტყვას აკონტროლებდა, შემდეგ ცენზურის წიგნში ეძებდა და იმის მიხედვით რთავდა ნებას არხზე მომუშავე ადამიანებს მომზადებული მასალა ეთერში გადაეცათ. 

შემდგომში, სახელმწიფო ტელევიზია ვერც მაშინ გათავისუფლდა, როდესაც ქვეყანამ საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. არხის კისერზე გადაიარა ჯერ კიდევ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის არაერთმა მუქარამ, მოგვიანებით კი ტელევიზიის ხელმძღვანელები პირდაპირ თუ ირიბად ემსახურებოდნენ ხელისუფლების ნებას. 

2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი მედიის მეტ-ნაკლები გათავისუფლება იყო მმართველი ძალის კონტროლისგან. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაჩნდა კრიტიკული გადაცემები, არა მოჩვენებითი, ფსევდო კრიტიკით, არამედ რეალური, ძლიერი ხმებით. მათ შორის ყველაზე პოპულარული „რეალური სივრცე“ და „ინტერვიუ“, გადაცემები, რომლებიც ღიად კრიტიკული და თემატურად მრავალფეროვანია. ეს გადაცემები ეთერს უთმობს ისეთ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომელთა ხმა სხვაგან არსად ისმის. თუმცა, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხმა შესაძლებელია ერთი წლით ჩაწყდეს და როგორი იქნება გაჩუმებული, თეთრი ხმაურის ამარა დარჩენილი არხი 2018 წელს - არავინ იცის.

6 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეულმა გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას მაუწყებლის განვითარების სტრატეგია წარუდგინა, რომლის მოკლე შინაარსი ისაა, რომ 1 წლის ვადით არხზე საინფორმაციო გამოშვებების გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება და ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით არხის ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაიარაღება მოხდება, არქივი გაციფრულდება, მართვის ახალი მოდელი დამკვიდრდება. 
 



 
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ არხის ახალმა მენეჯმენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჯანსაღებაზე ფიქრი საზოგადოების საჯარო ინტერესების შელახვის ხარჯზე დაიწყო. ამ მსჯელობის საფუძველს იძლევა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი და მისი მნიშვნელობა ქართულ მედია სივრცეში მიმდინარე ძვრების, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლების და რამდენიმე თვეში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში.

საზოგადოებრივ მაუწყებლის ხმის ჩაწყვეტა არათუ არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება საზოგადოებრივ სიკეთეს, არამედ უკანონოა. 

2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება დამოკიდებულია წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფასა და საარჩევნო პროცესის კონკურენტულ გარემოში წარმართვაზე, რომლის ერთ-ერთი გარანტორი საზოგადოებრივი მაუწყებელი და მის ეთერში გასული ახალი ამბები, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამები და არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემები/პოლიტიკური დებატები უნდა იყოს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა არჩევნების გაშუქების ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რადგან გეგმის თანახმად, კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია „მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება, საინფორმაციო გამოშვებების გარდა.“ შესაბამისად, წარმოდგენილი სამოქმედო გეგმისა და საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, საარჩევნო წელს მაუწყებელზე ყველა გადაცემა, საინფორმაციო გამოშვების გარდა, შეჩერდება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ამომრჩევლის წინაშე კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას იმთავითვე გამორიცხავს. 

საარჩევნო პროცესების საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესის გაშუქების დროს საზოგადოებრივ მაუწყებელს სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით სპეციალური ვალდებულებები აქვს დაკისრებული, მათ შორის „საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები; ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი; გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდო თარგმანი;  და არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში. 

საარჩევნო კამპანიის გაშუქების გარდა, მაუწყებელს კანონით იმპერატიული ვალდებულება აკისრია არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსოს ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ამ გადაცემებში საქართველოს პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ.

თუმცა გამოცხადებული „გარდაქმნისა და განვითარების“ სამწლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს იმ მიზეზით აღარ შეასრულებს, რომ ყველა გადაცემა (ახალი ამბების გარდა) უბრალოდ, „შეჩერდება“. 

პოლიტიკური პროცესების და არჩევნების გაშუქების ამგვარი ვალდებულება და სტანდარტი სხვა მედია საშუალებებისთვის კანონით არ არის დადგენილი და კანონმდებელმა უმნიშვნელოვანესი პროცესი - არჩევნების მედია გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტი - სწორედ საჯარო დაფინანსების მქონე მაუწყებელს დაუწესა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი სამწლიანი სამოქმედო გეგმის რეალიზების შემთხვევაში, კონკურენტულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მედია გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, პრაქტიკულად, გამორიცხულია. 

არხის ახალი ხელმძღვანელის მრჩევლი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ არხი „ტექნიკური კოლაფსის“ წინაშეა და გადაცემების „შეჩერების“ გარდა არხს სხვა გამოსავალი არ აქვს. იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ რიგი ტელეკომპანიების ერთ ჰოლდინგში კონცენტრაციას, როდესაც რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ისევ გრძელდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჩუმება შესაძლოა მიმართული იყოს საარჩევნო წელს მედია პლურალიზმის შემცირებისკენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სიჩუმე იქნება ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას შეეწირება მედიის მრავალფეროვნება, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების შესაძლებლობა და არხზე დასაქმებული ასობით ადამიანის ბედი.