განცხადებები

9 მაისს ღონისძიებებს პრო-რუსული ორგანიზაცია კვლავ გეგმავს

29 აპრილს, ევრაზიის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გულბაათ რცხილაძემ 9 მაისის აღსანიშნავად თბილისში, ბათუმში, თელავსა და ქარელში ღონისძიებები დააანონსა.  

„ევრაზიული ინსტიტუტი“ - საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამტარი ორგანიზაციაა, რომლის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე 9 მაისთან დაკავშირებით საქართველოში „დიდი სამამულოს“ იგივე „საქართველოს უკვდავი ჯარის“ ინიციატორიცაა.  არაქართულ მედიაში, გულბაათ რცხილაძე პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სამ ორგანიზაციას - "რუს თანამემამულეთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ფონდს", „რუსი ახალგაზრდების გაერთიანებას საქართველოში“ და „საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო ორგანიზაციას“ (КСОРСГ). საქართველოში ორგანიზაცია ექვემდებარება „რუს თანამემამულეთა მსოფლიო საკოორდინაციო საბჭოს“ (Всемирный координационный совет российских соотечественников, проживающих за рубежом - ВКС), რომელსაც „უცხოეთში რუსი თანამემამულეების სამთავრობო კომისია“ კურირებს. კომისიის თავმჯდომარე სერგეი ლავროვია.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კიდევ ერთი “უკვდავი პოლკია” დაფუძნებული, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა და მის ხელმძღვანელად რევაზ გოგიძეა მითითებული. 2019 წელს, გულბაათ რცხილაძის ჩატარებული "უკვდავი პოლკის" მსვლელობას რევაზ გოგიძემ "თვითმარქვია" უწოდა. რევაზ გოგიძე კიდევ ორი ორგანიზაციის დამფუძნებელია - მრავალეროვანი საქართველოს რუს და რუსულენოვან თემთა კონგრესი და მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია“.  

ბოლო წლებში, უკვე სხვადასხვა ორგანიზაცია ცალ-ცალკე მართავდა 9 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.  

„უკვდავი პოლკი“ იყენებს საბჭოთა ტოტალიტარულ სიმბოლიკას - ნამგალს და უროს და ე.წ. „კოლორადებს“ ე.წ გეორგიევსკის ლენტით, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აკრძალული. Მათ შორის „უკვდავი პოლკი“ რუსეთის მორიგი მცდელობაა, დააკნინოს დასავლეთის როლი მე-2 მსოფლიო ომში, მიისაკუთროს გამარჯვება „ხალხთა გადამრჩენელის“ სტატუსით და ამ გამარჯვებაში მონაწილე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე პრივილეგირებული კონტროლი შეინარჩუნოს.  

წელს, რუსეთის მიერ მართული „უკვდავი პოლკის“ საორგანიზაციო ღია წყაროებზე დაკვირვებით ნათელი ხდება, რომ მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, დემონსტრაციულად იქნება გამოყენებული „Z” სიმბოლოც.  

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე „გეორგიევსკის ლენტი“ და „Z“ სიმბოლო უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის, მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების ხოცვის, წამების, გაუპატიურების, დეპორტაციის, სხვა  სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.   

სიმბოლოს გამოყენება აკრძალა ლიეტუვამ, ლატვიამ და გერმანიის ორმა ლანდმა - ბავარიამ და ქვემო საქსონიამ. ამასთან, ყირგიზეთმა მოქალაქეებს მოუწოდა 9 მაისის ღონისძიებებზე არ გამოიყენონ „Z” სიმბოლოიანი ატრიბუტები, რაც ეთნიკური სიძულვილის გამღვივებელ სიმბოლოს წარმოადგენს.   

რუსეთის უკრაინაში წარმოებული ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე,  საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების ახლი რისკების  გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა „თავისუფლების ქარტიის“ ამოცანების და მიზნების შესასრულებლად, რუსეთის სამხედროების მიერ უკრაინაში გამოყენებული სიმბოლოები უნდა გაუთანაბროს საბჭოთა ტოტალიტარულ სიმბოლოებს და რუსეთის ინტერესების გამტარებელი მტრული ძალების მხრიდან ქვეყანაში პროვოკაციების პრევენციის მიზნით, იმოქმედოს კანონის შესაბამისად.