განცხადებები

ISFED აღშფოთებას გამოხატავს სახელმწიფოს მხრიდან ძალის არაპროპორციული გამოყენების გამო

„სამართლიანი არჩევნები“ გამოხატავს უკიდურეს აღშფოთებას 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ აქციის დაშლის მცდელობისას პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გადამეტებული ძალის გამოყენებას. სრულიად უსაფუძვლოდ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი. გავრცელდა ასევე ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საგულისხმოა, რომ წყლის ჭავლის გამოყენებისას აქცია დასაწყის ფაზაში იყო. იმდენად, რამდენადაც აქცია არ გასცდენია მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და კანონიერ ფარგლებს, არ არსებობდა ძალის გამოყენების საფუძველი. ამის მიუხედავად, აქციის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა სრულიად არაპროპორციული ძალისმიერი მეთოდები ისე რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ მომხდარა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს არ გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და უზრუნველყოს საქართველოს შეკრებისა და მანიფესტაციის შეუფერხებლად განხორციელების შესაძლებლობა.