განცხადებები

ISFED ეხმიანება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესს

2 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ორი პროფესიული წევრი აირჩია. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება. 5 წლის ვადით კომისიის წევრთა არჩევას მაღალი კვორუმი - პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 სჭირდებოდა.   

12 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები: თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე - გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის ორ ვაკანტურ პოზიციაზე - გია ცაცაშვილი, ლელა ტალიური, თამარა სართანია და მაია ზარიძე. 

„სამართლიანი არჩევნები“ მონაწილეობდა პრეზიდენტის მიერ ცესკოს პროფესიული წევრების შესარჩევად შექმნილი საკონკურსო კომისიის საქმიანობაში. ორგანიზაციამ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მხარი არ დაუჭირა კანდიდატის წარდგენას, რადგან არცერთი კონკურსანტი სრულად არ აკმაყოფილებდა ორგანიზაციის მოთხოვნებს და მიაჩნდა, რომ საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, კომისიას უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ეხელმძღვანელა. ამასთან, ორგანიზაციამ, ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე, მხარი დაუჭირა ორ კანდიდატს, რომელთაგან პრეზიდენტმა პარლამენტს ერთი წარუდგინა.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტში, უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი დაუჭრა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე - გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრების პოზიციაზე - გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის კანდიდატურას. ამ კანდიდატებმა კენჭისყრაზე დეპუტატების ხმების 2/3 (100 ხმა) ორ ჯერზე ვერ მიიღეს. უშედეგოდ დამთავრდა მესამე კენჭისყრაც, რომელზეც საჭირო იყო პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა.  

2 აგვისტოს გამართულ ბოლო, მეოთხე კენჭისყრაზე კანდიდატთა ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა იყო საკმარისი. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ ხმათა საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფა შეძლო.  პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი (83 ხმით), ცესკოს წევრებად, კი, გია ცაცაშვილი (81 ხმით) და მაია ზარიძე (81 ხმით) აირჩია.  

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილება, როგორც პარტიებს შორის კონსენსუსის გამოხატულება, უნდა ასახულიყო კანდიდატების მრავალპარტიულ მხარდაჭერაში. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების მაღალი ლეგიტიმაციითა და მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფონზე. სამწუხაროდ, ვერც პრეზიდენტის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიისა (თავმჯდომარეობის კანდიდატის შემთხვევაში) და ვერც პარლამენტში მიმდინარე განხილვის ეტაპზე, ვერ მოხერხდა იმგვარი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც მაღალი ნდობა ექნებოდათ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე მდგარი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მის მიმართ ნდობის ნაკლებობას უკავშირდება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კვლავ გადაუჭრელია.