განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი განცხადება ბოლო პერიოდში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შესახებ

ბოლო დღეების მანძილზე დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა რამდენიმე რეიდი, რამაც საზოგადოების ნაწილის ყურადღება და აღშფოთება გამოიწვია. აღნიშნული ღონისძიების დროს სისტემატურად ხდებოდა როგორც ქვეითად მოსიარულე მოქალაქეთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება და ჩხრეკა, მოქალაქეთა პირადი დოკუმენტაციის შემოწმება. გავრცელებული ინფორმაციით ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები იწერდნენ მოქალაქეთა შესახებ ინფორმაციას (სახელი, გვარი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) და თითოეულ შემოწმებულ პიროვნებას მობილური ტელეფონით უღებდნენ სურათებს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში უკანონო ხასიათს ატარებდა და არღვევდა მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელთა ნაწილი დაედევნა ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტს, რომელიც იღებდა რეიდის მიმდინარეობის პროცესს, გაჩხრიკეს და  გადაღებული ვიდეომასალა იძულებით წაუშალეს.

აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ფაქტის ნამდვილობის შესასწავლად ხსენებული ჟურნალისტი შესაბამის უწყებაში არც კი დაუბარებიათ, ამ ტიპის უარყოფა არასანდოდ მიგვაჩნია.

საქართველოს კანონმდებლობით ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით წარმოადგენს დანაშაულს, რასაც პროკურატურის მხრიდან აუცილებლად უნდა მოჰყვეს გამოძიების დაწყება.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, აუცილებლად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესახებ და გავავრცელოთ ჩვენი შეფასება.
საქართველოს კანონის „პოლიციის შესახებ“ მე-9 მუხლის თანახმად პოლიციას აქვს უფლებამოსილება, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით დასახლებულ პუნქტებში, საავტომობილო გზებზე და ტერიტორიულ წყლებში მოაწყოს რეიდები;

კანონმდებელი აღნიშნული ნორმის თანახმად რეიდის ჩატარებას შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

1. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს;
2. დამნაშავეთა დაკავების მიზნით;
3. სხვა სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით.

ბუნებრივია, რომ საქართველოში საგანგებო და საომარი მდგომარეობა არ არის გამოცხადებული. შესაბამისად პოლიციის მეირ რეიდი დამნაშავეთა და სხვა სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპირისპიროდ ამისა,  რეიდის დროს მოქალაქეთა შეჩერება და ჩხრეკა ტარდებოდა მასიურად, რაც ბუნებრივია წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიციელთა მიერ ხდებოდა არა რომელიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ან სხვა სამართალდამრღვევი პირის ძებნა მისი დაკავების მიზნით, არამედ ზოგადად გამვლელი პირების ალბათობით შერჩევა, შეჩერება და ჩხრეკა. საინტერესოა, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც აღნიშნულია, რომ აღნიშნული რეიდები პრევენციულ ხასიათს ატარებდა, რაც ეწინააღმდეგება რეიდის ჩატარების ზემოხსენებულ კანონისმიერ მიზნებს.

„პოლიციის შესახებ“ კანონის თანახმად, რეიდის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, პოლიციას აქვს უფლებამოსილება კანონით დადგენილი წესით გააჩეროს და ჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება.
შესაბამისად „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი ორ დამოუკიდებელ კრიტერიუმს აწესებს რეიდის დროს ჩხრეკისა და ამოღების ჩასატარებლად:

1. სახეზე უნდა იყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული გარემოებები;
2. ჩხრეკისა და ამოღებისათვის დადგენილი წესების დაცვით შეამოწმოს პირი და სატრანსპორტო საშუალება.

იმ გარემოებათა ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია ჩატარდეს ჩხრეკა და ამოღება განსაზღვრავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქცია არ იცნობს ჩხრეკისა და ამოღების ინსტიტუტს. შესაბამისად იმისათვის რათა პოლიციელის ქმედება არ გასცდეს კანონიერების პრინციპს, აუცილებელია მან მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას აწარმოოს პირისა და მისი ავტომობილის ჩხრეკა და ამოღება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამომწურავ ჩამონათვალს იძლევა იმ გარემოებებისა როდესაც შესაძლებელია ჩხრეკისა და ამოღების ჩატარება. კერძოდ ამავე კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ჩხრეკის ჩატარება შეიძლება აგრეთვე ძებნილისა და გვამის აღმოსაჩენად.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ჩხრეკის (მათ შორის პირადი ჩხრეკის) ჩატარებას შესაძლებლად დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში მიიჩნევს. დასაბუთებული ვარაუდი ამავე კოდექსის თანახმად განმარტებულია როგორც: ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა ან ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის გათვალისწინებული მტკიცებულებითი სტანდარტი. ბუნებრივია არაგონივრულია, დასაბუთებულ ვარაუდად მივიჩნიოთ სამართალდამცავთა გადაწყვეტილება გამვლელ პირთა მიმართ მასიურად ჩხრეკის ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ იმისათვის რათა თავიდან იქნას აცილებული მოქალაქეთა უფლებების შესაძლო დარღვევა, რეიდის დროსაც ჩხრეკა და ამოღება კანონმდებელმა საერთო რეგულაციებში მოაქცია და მათი ჩატარება მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა მიიჩნია შესაძლებელად.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჩხრეკისას (მათ შორის ადამიანის პირადი ჩხრეკისას) აუცილებელია არსებობდეს სასამართლოს განჩინება, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამომძიებლის დადგენილება. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ხდება დაკავებული პირის პირადი ჩხრეკა, რის შესახებაც ინფორმაცია შეიტანება დაკავების ოქმში.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იმ მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც რეიდის დროს ჩხრეკას დაექვემდებარენ, არ დასტურდება მათადმი სასამართლო აქტის ან გამომძიებლის დადგენილების წარდგენა მათი ჩხრეკის შესახებ, რაც ასევე მათი საპროცესო უფლებების უხეში დარღვევაა.

ამავდროულად ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ”პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება.” როგორც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, შესაბამისი პირების მხრიდან არ ყოფილა დაცული კანონის აღნიშნული მოთხოვნაც.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია