განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების საჯარო გამოსვლის ორგანიზებას სთხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
კანდიდატების საჯარო გამოსვლის ორგანიზებას სთხოვენ

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების კენჭისყრის მეორე ტური, სადაც მონაწილეობას მიიღებს შედეგით საუკეთესო 12 კანდიდატი: გოჩა მამულაშვილი, ვახტანგ თორდია, ნინო ბაქაქური, ევა გოცირიძე, ეკატერინე გასიტაშვილი, კახაბერ სოფრომაძე, მამუკა სონღულაშვილი, ლევან ხეცურიანი, გია მეფარიშვილი, მადი ჩანტლაძე, როინ მიგრიაული და დავით სულაქველიძე. ხოლო სადისციპლინო კოლეგიის წევრობის 4 კანდიდატი: ქეთევან ბექაური, ნინო ნიშნიანიძე, მერაბ ჩიქოვანი და გიორგი ტურაზაშვილი.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამოდინარე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ხედვების მოკლედ წარმოდგენის უფლება მისცეს, ხოლო დეპუტატებს – მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა, რაც პირველ ტურში სამწუხაროდ არ იქნა უზრუნველყოფილი.

დარწმუნებულები ვართ, რომ დისკუსია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნომინირებულ პირთა შეხედულებებთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს პარლამენტის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას და არჩევანის შეჩერებას საუკეთესო კანდიდატებზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ  საზოგადოებას  ჰქონდეს  შესაძლებლობა, მოისმინოს  სასამართლო სისტემის  უმნიშვნელოვანეს  რგოლებში  მათი  მომავალი  წარმომადგენლების  ხედვები სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების პროცესთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შეიტანოს ცვლილებები პლენარული სხდომის დღის წესრიგში და მისცეს კანდიდატებს საშუალება წარმოადგინონ  თავიანთი  გეგმები  საქართველოში  დამოუკიდებელი  მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ხოლო – დეპუტატებს მათთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან პარლამენტის რჩეულები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საპარლამენტო დისკუსია კი ამის ნათელ წარმოდგენას შექმნის.


საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა