განცხადებები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) შუალედურ / რიგგარეშე არჩევნებს დააკვირდება

2023 წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე, მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. კერძოდ, აირჩევიან: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულისა და ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარი წევრები და ცაგერისა და თერჯოლის მერები.შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 164 საარჩევნო უბანი გაიხსნება. მათ შორის 117 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების) გამოყენებით ჩატარდება.ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ძირითადად, იმავე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა ჩატარდეს, მათი პრაქტიკაში სრულყოფილი გამოცდა მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 29 აპრილის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დაკვირვებისას აქცენტს სწორედ იმ უბნებზე გააკეთებს, სადაც კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არის დაგეგმილი. ამ მიზნით ორგანიზაცია ფოთი-სენაკი-ხობის 26-ე, ცაგერის 45-ე და თერჯოლის 49-ე ოლქებში ჩასატარებელ არჩევნებს მიადევნებს თვალს.