განცხადებები

ISFED უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აკვირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სტუდენტური თვითმმართველობის სისტემისა და უნივერსიტეტში ე.წ. “ოდეერების” არსებობის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამდა. 

14 მარტს სტუდენტთა მიმდინარე პროტესტის პარალელურად თვითმმართველობის კონტრ-აქციის გამართვამ მხარეებს შორის გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია. სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის მცდელობის მიუხედავად, რამდენიმე შემთხვევაში მოხდა ჯგუფებს შორის ფიზიკური დაპირისპირება. განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ თვითმმართველობის მხარდამჭერები, რომელთა შორის  ნიღბიანი პირები იყვნენ. 

“სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში ე.წ. “ოდეერების” არსებობა დაუშვებელია და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უხეში ჩარევის მცდელობას წარმოადგენს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესია სტუდენტთა ჩართულობა უნივერსიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში, წარსული გამოცდილება ცხადყოფს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა ამ ფორმით ვერ უზრუნველყოფს სტუდენტთა რეალური პრობლემების წამოჭრას და მათ გადაწყვეტას. 

მიმდინარე პროცესების ფონზე, “სამართლიანი არჩევნები” მოუწოდებს:

სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ უსაფრთხოება უნივერსიტეტში და არ დაუშვან მოწინააღმდეგე მხარეებს შორის ძალადობრივის დაპირისპირების კიდევ უფრო ესკალაცია. 

დაპირისპირებულ ჯგუფებს, თავი შეიკავონ  ძალადობრივი ქმედებებისგან, რათა არ მოხდეს სიტუაციის გამწვავება.

პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ყოველმხრივ გაემიჯნონ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და  არ წაახალისონ რომელიმე მხარე დაპირისპირებისკენ. 

სახელმწიფო ინსტიტუტებს, დაინტერესდნენ სტუდენტების მიერ დაყენებული მოთხოვნებით; სტუდენტებისა და საზოგადოების ჩართულობით მიიღონ ზომები ამ პრობლემების სისტემური გადაჭრითვის.

“სამართლიანი არჩევნები” კვლავაც დააკვირდება უნივერსიტეტში განვითარებულ პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება უნივერსიტეტის სხვადასხვა რგოლის არჩევნების მონიტორინგის პროცესში. 

ISFED-ის პოზიციით, უნივერსიტეტი უნდა იყოს სივრცე, რომელშიც არსებითად თანასწორ პირებს შორის არ იარსებებს პრივილეგირებული ჯგუფები; გაზიარებული იქნება ადამიანის უფლებათა ძირითადი ღირებულებები და დაცული იქნება უნივერსიტეტის ავტონომია ყველა დონეზე.